საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი – საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის.
მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიული, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და მეორე მხრივ, მორგებული იქნება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან საკომუნიკაციო მიზნებზე.
"კომუნიკაციის სტრატეგია ეფუძნება მთავრობის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს − "ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია" და სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ხედვასთან, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მიზნებსა და ამოცანებთან.
სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ამავე კუთხით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება.
დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების წარმომადგენლებმა.
სტრატეგიის მიზნებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის ("სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის“) ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემური კვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობები", – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.