შემთხვევა, რაზეც მთელი კვირის განმავლობაში მსოფლიოს ყველა წამყვანი მედია - ბეჭდური თუ სატელევიზიო საუბრობდა - ერთ პაციენტზე ჩატარებული უნიკალური ოპერაცია და შემთხვევა, რომელმაც დაწერა უახლესი ისტორია ტრანსპლანტაცია პლასტიკაში, რომელსაც შეუძლია უამრავი უსინათლო ადამიანის ცხოვრების შეცვალოს.
დონორის პოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება მხედველობის აღდგენა.
21 საუკუნის მედიცინის მიღწევად უკვე ჩაითვალა გასულ კვირას ნიუ-იორკში ჩატარებული თვალის სრული გადანერგვის ოპერაცია, რომელსაც იდეის დონეზეც სკეპტიკურად უყურებდნენ. პაციენტი არის 46 წლის აარონ ჯეიმსი, რომელსაც ახლა უკვე აქვს სრულფასოვანი ორივე თვალი.
მამაკაცი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მონტიორია და სწორედ მაღალი ძაბვა - 7200 ვოლტი გახდა მისი დასახიჩრების მიზეზი.
მას გასულ კვირას გადაუნერგეს ვიზუალურად ბუნებრივ თვალთან მაქსიმალურად მიახლოებული თვალი, მისი დონორი კი იყო 30 წელს გადაცილებული მარტოხელა მამაკაცი. დონორის მოტივი ფინანსური დაინტერესება იყო.
ოპერაციის დროს ექიმებმა დონორის ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები მხედველობის ნერვში შეიყვანეს, რაც მხედველობის აღდგენისთვის იყო საჭირო. ოპერაციის შემდეგ, აარონმა შეძლო თვალის გახელა, უახლოეს პერიოდში კი მან უნდა შეძლოს გუგების მოძრაობა. ჩატარებული ოპერაცია წარმატებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც მას მხედველობაც აღუდგება.
ეს ნამდვილად იქნება მხედველობადაქვეითებული და უსინათლო ადამიანებისთვის დიდი იმედი.
მეტი რომ მოვყვეთ აარონ ჯეიმსზე - მას არა მხოლოდ თვალის, მანამდე სახის გადანერგვაც დასჭირდა, რაც არანაკლები სირთულის ოპერაცია იყო. ამ უნიკალურ ოპერაციაში 140 მედიკოსი მონაწილეობდა. ტრავმის შემდეგ, მას არ ჰქონდა სახის დიდი ნაწილი, არ ჰქონდა ტუჩები და არ შეეძლო პირის აპარატის მოძრაობა, ჭამა-ღეჭვა... წარმატებული ოპერაციის შემდეგ კი, ეს ყველაფერი აღუდგა და, ვიზუალურადაც ეტყობა, რომ ოპერაცია წარმატებული იყო.
აარონ ჯეიმსმა და ნიუ-იორკელმა ექიმებმა შეიტანეს უდიდესი წვლილი მედიცინის უახლესი ისტორიაში, რომელშიც ბოლო პერიოდში არაერთი უნიკალური მიღწევა თუ ოპერაცია შედის.
გულის უნიკალური ოპერაციისთვის ისეთი პაციენტი შეირჩა, რომელსაც ოპერაციამდე სიცოცხლის შანსი, ფაქტობრივად, ნულის ტოლი ჰქონდა და ეს არ უკავშირდებოდა მხოლოდ გულის უკმარისობას, არამედ - სხვა მრავალ ქრონიკულ დაავადებას. ამიტომ, პაციენტმა თავად გადაწყვიტა გამოეყენებინა შანსი და მიეცა მედიცინისთვის კიდევ ერთი ცდის საშუალება. ოპერაციის შემდეგ, გული ამუშავდა, პაციენტიც მოვიდა გონს და, ოპერაციის შემდეგ, ღორის მოდიფიცირებული გულით, 6 კვირის განმავლობაში იცოცხლა.
ჯერჯერობით, ექსპერტულად არ დასტურდება, რომ ბიოლოგიური სიკვდილი ჩატარებული ოპერაციის წარუმატებლობის მიზეზია.
ტექნიკურად ეს ოპერაცია შესრულდა ასე - დონორი ღორიდან ამოიღეს რამდენიმე სამი გენი, რომელიც პასუხისმგებელია ღორის ორგანოების მიუღებლობაზე, რათა არ მომხდარიყო ღორის გულის ქსოვილის ჭარბი ზრდა. სანაცვლოდ, შეიტანეს ადამიანის ექვსი გენი, რომლებიც პასუხისმგებელია იმუნური სისტემის მიერ მიმღებლობაზე.
ეს იყო მეორე ადამიანისთვის ღორის გულის გადანერგვის მეორე შემთხვევა და პირველ შემთხვევაშიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტს ჩაუტარეს იგივე ოპერაცია. მან ოპერაციის შემდეგ 2 თვე იცოცხლა, რამაც დაადასტურა ექიმების მტკიცე მოსაზრება, რომ ადამიანისთვის, ბოლო მონაცემებით, ყველაზე თავსებადი არის, ცხოველებიდან, სწორედ ღორის ორგანოები.
უნდა აღვნიშნოთ, რომ 2021 წლის შემთხვევაც, ადამიანს ღორის თირკმელი გადაუნერგეს, ამ შემთხვევაში ეს იყო პაციენტი, რომლის ტვინის სიკვდილიც უკვე იყო დაფიქსირებული და ორგანომ, ოპერაციის შემდეგ, ფუნქციონირება დაიწყო.
ეს ყველაფერი მიდის იქით, რომ დაინერგოს ახალი მიმართულება სახელით ქსენოტრანსპლანტაცია, რაც ადამიანისთვის ცხოველის ორგანოს გადანერგვას ნიშნავს. ამით, ტრანსპლანტაციის მომლოდინე პაციენტების პრობლემაც მოიხსნება, რადგან დონორთა დეფიციტია და, შეიძლება, რიგ შემთხვევაში, დონორი ადამიანები დონორმა ღორებმა ჩაანაცვლოს.
მიუხედავად იმისა, რომ 2023-ში ბევრი ინოვაციური მიღწევა ჰქონდა მედიცინას მსოფლიო მასშტაბით, უმაღლესი ჯილდო მედიცინასა და ფიზიოლოგიაში - ნობელის პრემია - მაინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი ვაქცინის შექმნისთვის გაიცა.