25 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
"ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად" - ბრიუსელი ისტორიული სამიტისთვის სამზადისს შეუდგა

ევროპამ ბრიუსელის ისტორიული სამიტისთვის მზადება უკვე დაიწყო. ზუსტად ერთ თვეში, 14-15 დეკემბერს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბება და მიიღებენ გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად. ამავე სამიტზე უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებას გაუხსნიან.

10 წელი ევროკავშირის ბოლო გაფართოებიდან - განწყობები შეცვლილია. ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში ახალი წევრების მიღების წინააღმდეგი იყვნენ, დღეს ევროკავშირის გაფართოების ავანგარდში არიან.

ბოლო სახელმწიფო, ვინც კავშირმა თავის რიგებში მიიღო, ხორვატიაა. მას შემდეგ პოტენციური კანდიდატებისთვის კარი დაიხურა. ბრიუსელი კი ამ კარს ახლა უკვე არა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის აღებს, ვინც წლებია ელოდება გაწევრიანებას. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ გაწევრიანებაზე განაცხადი მხოლოდ 1 წლისა და 9 თვის წინ შეიტანეს - ევროკავშირი კი უკვე თანახმაა. მის საზღვრებთან მიმდინარე ორ წლიანმა ომმა და შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ევროპას დაანახა, რომ გაფართოება აუცილებელია.

უნგრეთის მინისტრი ევროკავშირის საკითხებში, იანოს ბოკა აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

"ჩვენ მივესალმებით კომისიის წინადადებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ ბევრი რამ გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საჭირო პირობების შესასრულებლად და მივესალმებით, რომ კომისიამ ეს წინადადება წარმოადგინა. ვფიქრობთ, დასავლეთ ბალკანეთში გაფართოების პროცესი უნდა დაჩქარდეს. რაც შეეხება გაფართოებას აღმოსავლეთ ფლანგზე, მას ფრთხილი განხილვა სჭირდება. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას," - განაცხადა იანოს ბოკამ.

სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი საგარეო და ევროპის საკითხებში, მარეკ ესტოკი კი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე მისი ქვეყნის იმედი უნდა ჰქონდეს.

"განსახილველი თემა ბევრია, მათ შორის სამიტისთვის მზადება და ევროპის მომავალი. სლოვაკეთი გაფართოების დიდი მხარდამჭერია. როგორც უკვე ვთქვი, სლოვაკეთმა უკვე დაუჭირა მხარი ამ პროცესს და ისევ დაუჭერს მხარს. საქართველოს სლოვაკეთის იმედი უნდა ჰქონდეს," - აღნიშნა მარეკ ესტოკიმ.

გაფართოების მნიშვნელობაზე საუბრობს ფინეთის წარმომადგენელიც.

უკრაინის ომი უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა საკმარისი დრო, რომ შეგვეფასებინა სიტუაციის სიმძიმე, საფრთხე, რომელსაც ომი ქმნის ევროკავშირისთვის. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ყოფნა. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ასევე უკრაინისთვის. რუსეთი გააგრძელებს ზეწოლას ამ ქვეყნებზე, გააგრძელებს არასტაბილურობის შექმნას, როგორც ამ ტერიტორიებზე, ასევე, დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ასევე ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის გაფართოება მნიშვნელოვანი," - ამბობს ფინეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ანდერს ადლერკრეუცი.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კი განმარტავს, თუ რა გამოწვევებს შექმნის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებების გადადება.

"გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული მას შემდეგ, რაც ქვეყნები მზად იქნებიან, გარდა ამისა, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული დეკემბერში ყოველგვარი შეფერხების გარეშე. გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებების გადადება ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ვხდებით ნაკლებად სანდო და არა საკმარისად გაბედულები, იმედი მაქვს, რომ ჩვენ მზად ვართ ჩვენი გაბედული და ამბიციური გადაწყვეტილებებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლაპარაკებების დაწყებას. კომისიამ რეკომენდაციები გასცა. როგორც კი ეს საკითხები შესრულდება. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მივიღოთ ისტორიული გადაწყვეტილებები და მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ყველაფერი, რაც გაწერილია უნდა შესრულდეს ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან რეფორმები საჭიროა არა ევროკავშირისთვის, არამედ ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის," - აღნიშნა ლიეტუვას საგარეო მინისტრის მოადგილემ, იოვიტა ნელიუფშიენემ.

 

დღის ამბები