25 ნოემბერი 2024,   23:56
ვრცლად
თბილისსა და რეგიონებში "ქურდული სამყაროს" სახელით ფულის გამოძალვისთვის 18 პირია დაკავებული - როგორ უსწორდებოდნენ ე.წ. კანონიერი ქურდების წარმომადგენლები მოქალაქეებს

თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში, ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აყვანილია 18 პირი.

მათი დიდი ნაწილი კრიმინალური ავტორიტეტების სახელით მოდავე მხარეებს პოულობდა და ფულის დაბრუნების სანაცვლოდ საკუთარ წილს ითხოვდა.

ფარული აუდიო მტკიცებულებების გარდა, საქმეში დევს დაზარალებულების ჩვენებებიც. თუკი ვინმე თანხის გადახდაზე უარს აცხადებდა, გარჩევებში ტელეფონით
უკვე უშუალოდ ქურდები ერთვებოდნენ. 

ახალგაზრდა მამაკაცს დათქმულ დროს კონკრეტული თანხის მიტანას სთხოვდნენ და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფარული ჩანაწერები გაავრცელა. მასალაში ისმის, რომ რამდენიმე პირი დაზარალებულისგან თანხას ე.წ. ქურდული წესებით ითხოვს. 

ფიზიკური ანგარიშსწორების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერის თითქმის ყველა დიალოგში ისმის. გამოძალვის მეთოდი კი ერთია. თავდაპირველად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ფინანსური დავის მოგვარებას ჰპირდებიან, შემდეგ კი კონკრეტული რაოდენობის თანხის მიტანას აიძულებენ.

ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ ქურდული მეთოდებით ფულის გამოძალვაში უცხოეთიდან ჩართულები იყვნენ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები. ჯეირან კინწურაშვილი, თენგიზ ხოფერია, პაატა ბაქრაძე, რუსლან გეგეჭკორი და რევაზ მორჩილაძე მათთან დაახლოებულ პირებს კონკრეტულ მითითებებს აძლევდნენ.

ქურდული სამყაროს წევრობის, მათი საქმიანობის მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტზე, რამდენიმე ქალაქში მასშტაბური სპეცოპერაციები ჩატარდა. სამართალდამცველებმა 18 პირი დააკავეს.

აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში სხვადსხვა მისამართზე, სპეცრაზმი დღეს გამთენიისას მობილიზდა. სამართალდამცველებმა დაკავების ღონისძიება ჩაატარეს თბილისშიც, იოსებიძის 61 ნომერში.

დაკავებულების პირადი და ბინების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები, თანხა და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. ნაპოვნია ის მობილური ტელეფონებიც, რომლითაც გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები დღეს შინაგანს საქმეთა სამინისტროში, საგანგებო ბრიფინგზე განმარტეს.

ქურდული სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულთა ადვოკატები, საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე საჯაროდ არ საუბრობენ.

გამოძიება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას განაგრძობს, დაკავებულ 18 პირს კი ბრალის დამტკიცების შემთხევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

დღის ამბები