პირველი დეზინფორმაცია, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ ქვეყანაში არის ის, რომ საქართველოს სახელმწიფო იხრება რუსეთისკენ და ის, რომ საქართველოს ჰყავს რუსული ხელისუფლება, თუმცა ეს არის წარუმატებელი დეზინფორმაცია და ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგები, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მსგავსი დეზინფორმაციის ტირაჟირებას ცდილობს ოპოზიციური სპექტრი და მათთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციები.
"დღეს, საქართველო კანდიდატის სტატუსი მქონე სახელმწიფოა, რეკომენდაცია გვაქვს ჯერჯერობით. ესეც აჩვენებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში რეზოლუციები კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მონდომების შედეგი იყო, რომლებშიც ბევრი სიცრუე ეწერა. როგორ ვენდოთ იმ რეზოლუციას, რომელშიც დავით კეზერაშვილი წარმოჩენილია ამ ქვეყანაში მედიის განმავითარებელ პერსონად ან, მისი ფინანსური რესურსები არის ისეთ რესურსები, რომელიც გამჭვირვალედ და სუფთად არის მოპოვებული, რაზეც წურბელასავით არის მიმჯდარი მთელი ოპოზიციური სპექტრი",- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც საუბრობს და აცხადებს, რომ მისი საკითხი აქტუალური რჩება მხოლოდ იმ კონტექსტში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო იმ ბრალდებებთან მიმართებით, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.
"ის გამოხმაურებები, რომელიც იყო საერთაშორისო მედიაში, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ კონკრეტული საფასურ გადახდილი კამპანიის ნაწილი იყო. ამ რეალობაში ვართ ჩვენ. მიხეილ სააკაშვილის დიეტით აცხოვრეს ლამის ერთი წელი სახელმწიფო როდესაც ამბობდნენ, რომ ეს ადამიანი საშინელ მდგომარეობაშია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ყველა კარგად ვხედავთ, რომ ამ ადამიანმა როდესაც ნორმალური ჭამა დაიწყო, ჩვეულებრივად გამოდის და საუბრობს სასამართლო პროცესებზე. ამიტომ, ეს არის მიმდინარე სასამართლო პროცესში და მხოლოდ ამ ნაწილში რჩება სააკაშვილი აქტუალური. მე, არ მესმის როგორ შეიძლება ვინმემ დააყენოს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არჩევნებში მნიშვნელოვან გარემოებად, როდესაც მის გარეშე ამ ქვეყანაში, ძალიან ბევრი არჩევნები ჩატარდა", - განაცხადა ჩიქოვანმა.