25 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
რა დანიშნულება აქვს "ჰამასისთვის" 30 მეტრის სიღრმეში არსებულ გვირაბ "შიფას" - ისრაელი ჰამასს უდანაშაულო ადამიანების ცოცხალ ფარად გამოყენებაში ადანაშაულებს

ისრაელი "ჰამასს" უდანაშაულო ადამიანების ცოცხალ ფარად გამოყენებაში ადანაშაულებს. მიზეზი კი ისაა, რომ საიდუმლო გვირაბები უმეტესად სწორედ სამოქალაქო ობიექტების ქვეშ არის განლაგებული - მათ შორის, სკოლების, მეჩეთებისა და საავადმყოფოების ქვეშ.

ერთ-ერთი ასეთი საავადმყოფო "შიფაა"! რაც არაბულად მკურნალობას ნიშნავს. ეს არის ქალაქ ღაზაში მდებარე უდიდესი სამედიცინო კომპლექსი. შიფა მდებარეობს ყველაზე მჭიდრო დასახლებულ უბანში. შენობა რამდენიმე სართულიანია. დიდი ნაწილი განკუთვნილია პედიატრიული განყოფილებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტების უმრავლესობა ბავშვია. ეს არის ერთ-ერთი, მიზეზი, რატომაც "ჰამას" უდანაშაულო ადამიანების ფარად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ეს საავადმყოფო "ჰამასისთვის" უკვე წლებია მთავარი შტაბ-ბინაა და ზუსტად ამ ადგილიდან იგეგმება და ხორციელდება ტერორისტული აქტები და თავდასხმები. როგორც ვარაუდობენ, გვირაბების ქსელი 30 მეტრის სიღრმეშია.

წარმოიდგინეთ რამდენიმე სართულიანი მიწისქვეშა ნაგებობა - ბეტონის ფილებში ჩასმული ვიწრო გრძელი გვირაბების ქსელი. საერთო ჯამში, სიგრძე შესაძლოა რამდენიმე ასეული კილომეტრი იყოს. გვირაბების ლაბირინთი ერთმანეთთან აკავშირებს მიწისქვეშეთის სხვადასხვა წერტილს და ასობით ოთახს, სადაც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერები იმალებიან. ამ ოთახებში დროთა განმავლობაში მათ ყველანაირი პირობა შექმნეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიწის ქვეშ ყოფნა არ გაუჭირდეთ. ოთახები აღჭურვილია, კომპიუტერული სისტემით, არის სათათბირო ოთახიც, სადაც "ჰამასის" ლიდერები გადაწყვეტილებებს იღებენ.

გვირაბებს აქვს ელექტროენერგია, სარკინიგზო ლიანდაგები და სავენტილაციო ქსელი, რომელთა გამართულად მუშაობისთვის, დიდი რაოდენობით საწვავია საჭირო. ამ გვირაბებით "ჰამასი" კონტრაბანდული იარაღით, სხვადასხვა საბრძოლო მასალითა და კუსტარული ბომბების დასამზადებელი ასაფეთქებელი ნივთიერებებით მარაგდება. არის სასმელი წლის და საკვების დიდი მაგარიც.

ტერორისტები აქ მალავენ მძევლებსაც. როგორც ცნობილია, 7 ოქტომბრის შემდეგ ტერორისტებმა ისრაელიდან 240-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი გაიტაცეს. "ჰამასი" ულტიმატუმს აყენებს და ტყვეების სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

გვირაბები ისრაელშიც გადადის და ტერორისტები მათ თავდასხმებისთვის აქტიურად იყენებენ. სწორედ ამიტომ, ისრაელის ერთ-ერთი სამხედრო ქვედანაყოფი გვირაბების შესასვლელების და გამოსასვლელების დადგენასა და განადგურებაზეა ფოკუსირებული. ზოგჯერ ცოცხალი ძალით, ზოგჯერ კი დისტანციურად მართვადი რობოტებით ხდება გვირაბებში მუშაობა.

ტერიტორია დანაღმულია და შესაძლოა, ერთმა არასწორმა მანევრმაც კი ფატალური შედეგი გამოიწვიოს. "ჰამასის" გვირაბების ქსელის განადგურების ფართომასშტაბიანი ოპერაცია უკვე დაწყებულია. სამხედრო ოპერაცია ღაზის სექტორის იმ ნაწილებზე მიმდინარეობს, რომელზეც ისრაელმა კონტროლი დაამყარა.

დღის ამბები