25 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
20 თაღლითური პლატფორმა და მოპარული 70 მილიონი დოლარი - ვინ არის წითელი ცირკულარით ძებნილი დამნაშავე, რომელიც საქართველომ აშშ-ს უკვე გადასცა

ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული თაღლითური სქემების ლიდერი, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი კრისტიან კრსტიჩი ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ნომერ 12-ში მდებარე კორპუსში ცხოვრობდა. სწორედ აქ დაადეს სამართალდამცველებმა ხელბორკილები 48 წლის სერბ მამაკაცს, რომელიც 70 მილიონი დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლების ფაქტზეა ბრალდებული.

ასობით ადამიანის მოტყუებასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული ტრანსნაციონალური დანაშაულის მთავარი ფიგურანტი საქართველოდან ამერიკაში უკვე ექსტრადირებულია. კრისტიან კრსტიჩი ახლა ვერდიქტის მოლოდინშია, თუმცა დანაშაულს არ აღიარებს. სერბი მამაკაცის ქართველი უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა და ბათუმში ორი თვე ცხოვრობდა.

20-ზე მეტი თაღლითური პლატფორმა და ასობით მოტყუებული ადამიანი - ბრალდებულზე საერთაშორისო მედიაც წლებია საუბრობს. სერბეთისა და ავსტრალიის მოქალაქეს ტეხასის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურმა დიდმა ჟიურიმ ბრალი ინვესტორების მოტყუებისა და ფულის გათეთრებისთვის ჯერ კიდევ 2020 წელს წაუყენა; მას კრიპტოვალუტის თაღლითურ სქემაში მონაწილეობას ედავებიან ნიუ-იორკშიც. ირკვევა, რომ ბრალდებული წლების განმავლობაში, თაღლითურ ონლაინ საინვესტიციო პლატფორმებს ქმნიდა, მათი დახმარებით კი უცხოელ ინვესტორებს ფასიანი ქაღალდების შეძენაში არწმუნებდა და ამ გზით მილიონებს გამოიმუშავებდა. მხოლოდ ბოლო 6 წლის განმავლობაში კრსტიჩმა მოტყუებით 70 მილიონ დოლარზე მეტი მოიპოვა. 2020 წელს კრსტიჩი მეუღლესთან ერთად დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ძებნილის ექსტრადიციის ფაქტს დღეს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტიც გამოეხმაურა და საქართველოს პროკურატურას, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს კრისტიან კრსტიჩის ექსტრადირებისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია დასაშვებად ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნო. ბრალდებულმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა. კრისტიან კრსტიჩის საქართველოდან შტატებში ექსტრადირება 5 დღის წინ მოხდა. ის ახლა განაჩენის მოლოდინშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 48 წლის მამაკაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

დღის ამბები