27 ნოემბერი 2024,   17:08
ვრცლად
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ბრიუსელის ვერდიქტის მოლოდინშია - ამ ფონზე ემანუელ მაკრონი ახალი გაერთიანების კონცეფციაზე საუბრობს

ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. სამი ქვეყანა: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ბრიუსელის ვერდიქტის მოლოდინშია.

თავის მხრივ კი ევროკავშირის ქვეყნები ევროკომისიის დასკვნას ელოდებიან, რომლის საბოლოო ანგარიშის საფუძველზეც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

დღეს ქართველ ჟურნალისტებს ემანუელ მაკრონმა უპასუხა. საფრანგეთის პრეზიდენტი იმავეს იმეორებს. ევროკავშირის გაფართოების ნაცვლად შესაძლოა კონტინენტზე სხვა გაერთიანებაც გაჩნდეს.

"ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს მიდგომებს კონტინენტის მოწყობასთან დაკავშირებით." - აცხადებს მაკრონი, რომელიც ამ თვეში უკვე მეორედ საუბრობს ახალ კონცეფციაზე.

თუმცა აღიარებს, რომ ყველაფერი კომისიის ანგარიშის და ივნისის ბოლო ჩანიშნული დებატების შედეგად გაირკვევა.

"რაც შეეხება უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, რაც სენსიტიური თემაა - უნდა დაველოდოთ ევროკომისიის ანგარიშს, რომლის საფუძველზეც ივნისში დებატები გვექნება, და ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება.

მსურს, დავაფიქსირო საფრანგეთის მზადყოფნა, მივცეთ ძლიერი სიგნალი ბევრ ქვეყანას. საუბარია მექანიზმზე, რომელიც გაწევრიანების პროცესთან ერთად, დამატებით განხორციელდება.

ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს ჩვენი კონტინენტის ფორმირების საშუალებები. ეს არ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ევროკავშირის გაფართოების გზით, რადგან ეს არის პროცესი, რომელიც მართლაც ძალიან ხანგრძლივია. სწორედ ამიტომ წამოვაყენე რამდენიმე კვირის წინ ევროპული პოლიტიკური საზოგადოების ინიციატივა, რომელის მიზანია პოლიტიკური ჩარჩოს შექმნა, რომლის ფარგლებშიც რეგულარული სესიები და შეხვედრები ჩატარდება. ეს იდეა გააერთიანებს ყველა იმ სახელმწიფოს, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ და რომლებიც გეოპოლიტიკური სტრატეგიის, თავდაცვის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებებით ითანამშრომლებენ. მსურს, ეს ინიციატივა უახლოეს კვირებში რეალობად იქცეს," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ქართულ მედიის კითხვებს დღეს ხორვატიის პრემიერმაც უპასუხა.

"საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის კანდიდატის სტატუსზე მოსაზრებას ევროკომისიისგან ველოდებით. ჩვენ ძალიან სტრუქტურული პოლიტიკური დებატები გვექნება ამ საკითხზე ივნისში. ამ დროისთვის ამ საკითხზე არსებითი განხილვა არ გვქონია. ჩვენ გუშინ მოკლედ შევეხეთ ამ თემას. ჯერჯერობით არცერთ ქვეყანაზე ამ მიმართულებით კონსენსუსი არ არსებობს. ხორვატია მხარს უჭერს ყველა ქვეყნის -განსაკუთრებით კი ჩვენი მეზობლების ევროპულ მისწრაფებებს. მათ შორისააა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები. ხორვატია ევროკავშირში ყველაზე ბოლოს გაწევრიანებული ქვეყანაა, რომელმაც ყველაზე კარგად იცის კანდიდატის სტატუსის სიმბოლიკის მნიშვნელობა პირველ რიგში უკრაინისთვის, თუმცა კარგად მესმის გაწევრიანების შესახებ მოლოდოვასა და საქართველოს ამბიციაც," - აცხადებს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი.

დღის ამბები