27 ნოემბერი 2024,   17:03
ვრცლად
120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი - ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 წლის შედეგების მიხედვით, საქართველო მსოფლიო ლიდერი ქვეყანა გახდა

120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი - ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 წლის შედეგების მიხედვით, საქართველო მსოფლიო ლიდერი ქვეყანა გახდა. კვლევა "ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის" მიერ გამოქვეყნდა. ორგანიზაციის მიერ ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება და ითვალისწინებს ერთსა და იმავე მეთოდოლოგიით მსოფლიოს ყველა ქვეყნის ბიუჯეტის გამჭვირვალობის შეფასებას. მსოფლიო მასშტაბით საშუალო ქულის გამოთვლა, შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოებს, შეაფასონ მათი პროგრესი, როგორც სხვა ქვეყნებთან, ისე გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში.

პირველად კვლევა 2006 წელს გამოქვეყნდა და საქართველო 34 ქულით, მხოლოდ 30-ე ადგილს იკავებდა, მინიმალურად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში. პოზიციები შემდეგ კვლევებში ეტაპობრივად გაუმჯობესდა და შეზღუდული გამჭვირვალობის მქონე ქვეყნების რიგში გადავიდა 2008 - 10 და 12 წლებში. 2015 წელს 109 ქვეყნას შორის 16 ადგილზე გადაინაცვლა 66 ქულით ბიუჯეტის გამჭირვალობის ინდექსით. 2017 - 19 წლებში კი საქართველომ კუთვნილი ადგილი ხუთეულში დაიკავა.

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში გატარებული ღონისძიებები, პროგრამული ბიუჯეტის დანერგვა, ანგარიშგების ყოვლისმომცველობის გაზრდა, საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება, საბიუჯეტო დოკუმენტაციის გამოქვეყნება და საჯაროობა, მოქალაქის გზამკვლევების მომზადება და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შემუშავება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტორების, რომლებმაც ექსპერტების მოსაზრებით წარმატებული შედეგი განაპირობა. ანალიტიკოსების შეფასებით საქართველოს პირველი ადგილი უცხოელი ინვესტორებისთის დამატებითი მოტივაცია იქნება.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველო კვლავ განაგრძობს ბიუჯეტის ინდექსის ხარისხის გაუმჯობესებას. პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა კი სტაბილურ შედეგს უზრუნველყოფს.

დღის ამბები