ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუმინელ კოლეგასთან, ნიკუშორ დანთან ერთად, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა.
სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ბუქარესტის მერს დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
"შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ეროვნული ეპოსია, თუმცა, ამავდროულად მსოფლიო კულტურის საგანძურია, რომელსაც ნაციონალური საზღვრები არ გააჩნია. რუსთაველმა ევროპაში რენესანსის დადგომამდე ჩამოაყალიბა ევროპული ჰუმანიზმის პრინციპები და შექმნა ტექსტი, რომელიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზეა დაფუძნებული. „ვეფხისტყაოსანი“ დამსახურებულად ეწერება დასავლური სამყაროს საგანძურში, რუსთაველი კი ისეთი ავტორების გვერდით, რომლებმაც ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყვეს ხელი", - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ თბილისსა და ბუქარესტს შორის დაძმობილების მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.
„საქართველო, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკვე გააკეთა, რუმინეთის მსგავსად, წარმატებით გაივლის პროცესს და მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს. უახლოეს მომავალში საქართველო და რუმინეთი, როგორც მეგობარი ქვეყნები, უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტატუსით შეძლებენ მშვიდობისა და საერთო კეთილდღეობისთვის თანამშრომლობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ბუქარესტის მერის განცხადებით, მათთვის დიდი პატივია, გაიხსნას ძეგლი, რომელიც ეპიკური პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ეკუთვნის.
"ჩვენთვის დიდი პატივია, გავხსნათ ძეგლი, რომელიც ქართული ლიტერატურის ყველაზე დიდებულ წარმომადგენელს, ეპიკური პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ეკუთვნის. როდესაც ვსაუბრობთ წიგნზე, ლიტერატურის ნიმუშზე, ვაქცევთ ყურადღებას, რომ ის მისი დაწერიდან ბევრი წლის შემდეგ იკითხებოდეს, რაც ხაზს უსვამს პოეტის უნივერსალობას, რომელიც გადმოსცემს ერის ღირებულებებს და მის მიერ დაწერილი სიტყვებისთვის პატივისცემას იმსახურებს. ასევე, ხაზს უსვამს და ამტკიცებს, რომ ლიტერატურა და პოემა ეკუთვნის ყველას, მიუხედავად წარმომავლობისა და ეროვნებისა", - აღნიშნა ბუქარესტის მერმა.
ბუქარესტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ცერემონიას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.