27 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
რუსი სამხედროების იერიში უკრაინაზე გრძელდება - როგორია ომის ქრონიკა

5 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსი სამხედროების იერიშებს დონეცკში. მსხვერპლია ლისიჩანსკშიც. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა დონბასში ოკუპანტების 12 თავდასხმა მოიგერიეს.

დონეცკში მძიმე სიტუაციაა. ოფიციალური კიევი ოლქის ერთ-ერთი ქალაქის სავარაუდო დაკარგვის შესახებ ალაპარაკდა. ლიმანი რუსეთის მთავარი სამიზნეა. ამ გზით მოსკოვი დონბასზე სრული კონტროლის დაწესებას ცდილობს.

ბრძოლა გრძელდება სევეროდონეცკის მიმდებარედაც, ოკუპანტები ქალაქზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ. დაბომბვები საშინელ ზიანს აყენებს ქალაქში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას. ბევრი თავს ბნელ სარდაფს აფარებს.

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ადგილობრივების ნაწილი ქალაქს და საკუთარ სახლებს არ ტოვებს.

უკვე ოკუპირებულ მარიუპოლს კი, დამპყრობელი ცხედრებისგან ასუფთავებს. დღეს ზღვისპირა ქალაქში აგრესორის მიერ დაბომბვის შედეგად გარდაცვლილი 70-მდე ადამიანი იპოვეს. რუსმა სამხედროებმა ცხედრები იდენტიფიცირების გარეშე საერთო საფლავში დაკრძალეს.

ქვეყნის აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მძიმეა, ოფიციალურ კიევს კი, საბრძოლველად მეტი იარაღი სჭირდება. მტრის უწყევეტი თავდასხმების ფონზე უკრაინა კვლავ დახმარებას ითხოვს.

უკრაინის თხოვნის პარალელურად, ოფიციალური მოსკოვი კიდევ ერთ მუქარას აჟღერებს. პუტინის რეჟიმი აცხადებს, რომ უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდება სიტუაციის დაძაბვისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იქნება.

სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებითაც. იზიუმის ტერიტორია არის ერთ-ერთი წერტილი, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ამ შემთხვევაში პოზიციებს უკრაინის შეიარაღებული ძალები იკავებენ და მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის.

დღის ამბები