მოსკოვმა მთელი ყურადღება ახლა აღმოსავლეთ უკრაინაზე მიაპყრო. ოკუპანტმა მთელი ძალები დონბასის რეგიონში გადაამისამართა. რუსული სამიზნე, ძირითადად, ლუჰანსკის ოლქზე სწორდება. უკვე რამდენიმე დღეა, ქვეყნის ეს მხარე უწყვეტი თავდასხმების ქვეშაა.
მტრის მთავარი მიზანი ორი ქალაქის - სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღებაა. მარტო ბოლო საათებში, ოკუპანტების აგრესიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ოლქი ჯერ კიდევ უკრაინის მხარის კონტროლის ქვეშაა, თუმცა უწყვეტი თავდასხმების ფონზე, სიტუაცია მუდმივად იცვლება.
თავდასხმის წერტილებიდან მოსახლეობა ყოველდღიურად გაჰყავთ. უკრაინული მხარე ევაკუაციის პროცესში ზრუნავს დაჭრილებსა და მოხუცებზეც. დაშავებულები სევეროდონეცკიდან უსაფრთხო ადგილამდე მატარებლის ვაგონებში მოწყობილი სპეციალური ამბულატორიებით გადაჰყავთ.
ამ ორი ქალაქის გარდა, აგრესორი საჰაერო თავდასხმებს დონბასის ოლქის სხვა ქალაქებსა და სოფლებზეც განაგრძობს. ისევ იბომბება ხარკივი. ბოლო 24 საათში რუსულმა არტილერიამ რეგიონის აღმოსავლეთით რამდენიმე სოფლის მიმართულებით გაისროლა. მათ შორის, შესტაკოვის, რომელიც უკრაინულმა არმიამ ორი კვირის წინ კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა.
რუსული რაკეტები საცხოვრებელ სახლებს ხარკივის რაიონის კიდევ ერთ სოფელში ანადგურებს. ბეზრუკზე რუსული სამიზნე დღეში რამდენჯერმე სწორდება. ანალოგიური მდგომარეობაა ქალაქ დერჰაჩშიც. ინტენსიური დაბომბვის და მაღალი რისკის მიუხედავად, ადგილობრივები განადგურებული შენობების აღდგენას იწყებენ.