ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, სხდომა კი გადაიდო. ყოფილი პრეზიდენტი ისევ კლინიკა "ვივამედში" რჩება, მისი გარემოცვა კი აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ანალიზების პასუხი უცნობია, სააკაშვილის ოჯახი კვლავ მის საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. ამ მოთხოვნას მმართველი გუნდი კვლავ უარით პასუხობს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი სასჯელს ბოლომდე მოიხდის.
მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა "ვივამედის" მნახველები დღესაც მიიღო. ყოფილ პრეზიდენტს, ამჯერად მისი ინტერესების დამცველი და თანაპარტიელი სტუმრობდა. რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ, კობა ნაყოფიამ თქვა, რომ, მკურნალობის მიუხედავად, მსჯავრდებულის მდგომარეობა, მაინც მძიმეა.
სააკაშვილთან დღეს პირადი ექიმი არ შესულა, თუმცა ნიკოლოზ ყიფშიძე "ვივამედის" ექიმების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უცვლელად რთულია და სწორედ ამიტომ, მისი თქმით, მოთხოვნა უცვლელი რჩება - გადაიყვანონ პატიმარი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღეს, მმართველ პარტიაშიც გამოეხმაურნენ. "ქართული ოცნება" მოუწოდებს ოპონენტებს, რომ ექიმებს სააკაშვილისთვის შესაბამისი მკურნალობის გაწევის შესაძლებლობა მისცენ და მათზე ზეწოლა შეწყვიტონ.
ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობა გახდა მორიგი სასამართლო პროცესის გადადების მიზეზიც. დღეს, პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე უნდა გამართულიყო.
"ქართული ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ექსპრეზიდენტს სასჯელის მოხდა ბოლომდე მოუწევს. მათივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობით სიმულაცია, მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებას ვერ მოუტანს.
მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივამედში" გამოკვლევები უკვე მეორე კვირაა, უტარდება. ის რუსთავის ციხიდან სამედიცინო დაწესებულებაში, 12 მაისს გადაიყვანეს.