27 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
რუსული სისასტიკის კადრები - "New York Times"- მა ბუჩაში, სასაკლაოს ამსახველი კიდევ ერთი ფაქტი აღმოაჩინა

რუსული არმიის მცდელობის მიუხედავად, ომის დანაშაული დამალოს, დასავლური მედია ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ფაქტს პოულობს. გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ "New York Times"-მა ბუჩაში, სასაკლაოს ამსახველი კიდევ ერთი ფაქტი აღმოაჩინა. რუსმა ჯარისკაცებმა 9 პირი ჯერ აწამეს, შემდეგ კი საჯაროდ დახვრიტეს.

სამეთვალყურეო კამერამ ჩაიწერა, როგორ ეპყრობიან ოკუპანტები მშვიდობიან მოსახლეობას. რუსი სამხედროები ცხრა უკრაინელ ტყვეს იარაღის მუქარით აიძულებენ წელში მოხრილებმა იარონ, ცალი ხელი თავზე შემოიდონ, მეორეთი კი წინ მდგომთა ქამრებს მოეჭიდონ.

ფაქტს ჰყავს მოწმეებიც. ეს კადრები, უკვე საკუთარი სახლიდან, ბუჩას ერთ-ერთმა მცხოვრებმა გადაიღო. ვიდეოში რუსული სამხედრო ტექნიკაც ჩანს. აქ კი შესაძლოა ამოიცნო ის ტყვე, რომელსაც ლურჯი ქურთუკი აცვია.

დრონით გადაღებულ კადრებში ჩაცხრილული უკრაინელები ჩანან, ცხედრების გვერდით კი, რუსი სამხედროები დგანან. მოკლულებს შორის ლურჯ ქურთუკიანი ტყვეც არის. შენობის ირგვლივ კი, რუსული ტექნიკაა განლაგებული.

გამოცემა "New York Times", რომელიც ფოტოებსაც აქვეყნებს, ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს სამხედროები, ომის დანაშაულის ჩამდენი ოკუპანტები იყვნენ. მათ სახეები იაბლუნსკას ქუჩის #144 - ის მოპირდაპირე მხარეს, სამეთვალყურეო კამერამ გადაიღო.

აზოვსტალს კი ისევ უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. აზოვის პოლკის ერთ-ერთი მეთაურის მოადგილე პალამარი იმ სამხედროებს შორისაა, რომლებიც ამ დრომდე ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე რჩებიან. მისი მიმართვიდან ირკვევა, რომ აზოვი კვლავ აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება. ტერიტორიას ახლა პოლკის მეთაურები ამაგრებენ და სამხედრო ოპერაციას განაგრძობენ.

ამ მიმართვით ირკვევა ისიც, რომ რუსულ მედიაში აქამდე გავრცელებული ინფორმაცია პოლკის მეთაურის მოადგილის ქარხნიდან გაყვანის შესახებ ტყუილია. ამას ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დღეს უკვე ვეღარ ამტკიცებს.

დღის ამბები