დავიწყებულმა ვირუსმა, რომლის შესახებ წლების წინ მხოლოდ ცენტრალურ აფრიკაში იცოდნენ, განსხვავებული ფორმით, მასშტაბური გავრცელება დაიწყო. მაიმუნის ყვავილის სახელით ცნობილმა დაავადებამ, ენდემური კერა დატოვა და ლაბორატორიულად უკვე 7 ქვეყანაში ერთად გამოვლინდა. ინფექცია თავდაპირველად თავის, კუნთებისა და ზურგის ტკივილით იწყება, ფიქსირდება მაღალი ტემპერატურაც. დაავადების კულმინაცია და გართულებული ფორმა სხეულზე წყლულოვანი გამონაყარით არის გამოხატული.
3 დღეში ვირუსის 30-მდე ახალი შემთხვევაა გამოვლენილი და ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ათობით პირის მონაცემის გამოკვლევა მიმდინარეობს. მაიმუნის ყვავილის გავრცელება დაავადებულთან ფიზიკური კონტაქტით , ხველების ან ცემინების შეთხვევაში მარტივად ხდება. ინფექცია 5 და 21 დღის განმავლობაში ვლინდება. 100 დადასტურებული ფაქტიდან, ერთი გარდაცვალებით სრულდება. ყვავილის ჯგუფის ვირუსის მკურნალობის პროტოკოლი არ არსებობს , დაავადების პრევენცია სიმპტომურად ხდება.
რადგან ვირუსმა ენდემური კერა გაარღვია, ეპიდემიოლოგებს მიაჩნიათ, რომ დაცული არც საქართველოა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუდმივად მზადყოფნაშია. გადამდებ დაავადებთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ ახალ ვირუსზე შესაბამისი დიაგნოსტიკა ჩაატაროს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი მაიმუნის ყვავილის გავრცელების შესახებ , ქვეყნები უკვე გააფრთხილა. უნდა გამკაცრდეს ლაბორატორიული კონტროლი, რომ ვირუსის მეტად გავრცელების შემთხვევაში, დროულად მოხდეს ყველა ფაქტის შესწავლა და საჭირო მექანიზმების ამოქმედებაც.
ბოლო პერიოდში, ბავშვებში მწვავე ჰეპატიტის გავრცელების პარალელურად, სპეციალისტები ახალი ინფექციების, მათ შორის მაიმუნის ყვავილის აფეთქებას აანონსებენ. ამბობენ, რომ პანდემიის გამო, მსოფლიო სტერილურად ცხოვრობდა და დასუსტებული იმუნიტეტი ბევრ საფრთხეს შექმნის. ახლა, მეცნიერებს და ინფექციონისტებს მხოლოდ ერთი კითხვა აქვთ - გადაიტანს და გაუძლებს თუ არა დაქვეითებული იმუნური სისტემა ახალ ვირუსებს.