შოპენის, შუბერტის, ლისტისა და სოუტილიოს ნაწარმოებების ვირტუოზული შესრულება და რომის სამეფო აკადემიის დარბაზში ბისზე ორჯერ გამოყვანილი ახალგაზრდა ქართველი პიანისტი - სანდრო გეგეჭკორის კონცერტმა მარადიულ ქალაქში, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ახალგაზრდა პიანისტის კონცერტმა, კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემლებში იმხელა ინტერესი გამოიწვია, რომ საღამოს ორგანიზატორებს აკადემიის კამერულ დარბაზში სკამების დამატებაც კი დასჭირდათ.
ბარსელონასა და მადრიდის შემდეგ რომი- ეს სანდრო გეგეჭკორის რიგით მესამე გაჩერებაა. იტალიელ მსმენელს პიანისტი სიმბოლურად გენიალური ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის კომპოზიციით დაემშვიდობა. ახლა კი ახალგაზრდა პიანისტის შემოქმედებას, პორტუგალიელი მსმენელი ელოდება.
სანდრო გეგეჭკორი კონცერტის ბოლო სამზადისს გადიოდა, თუმცა "კურიერის" კამერასთან, წინასაკონცერტო ემოციების გადმოცემის დრო მაინც ჰქონდა. ახალგაზრდა პიანისტის ტურნე "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.
სამეფო აკადემიის კამერული დარბაზი, მალე კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემლებით გაივსო. ახალგაზრდა ქართველი პიანისტის კონცერტმა, როგორც ჩანს მოსალოდნელზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. იმდენად დიდი, რომ ორგანიზატორებს დარბაზში სკამების დამატებაც კი დასჭირდათ.
სანდრომ მსმენელი პირველივე წუთებიდან მოაჯადოვა და იყო ხანგრძლივი ტაში, უზარმაზარი ემოცია. მსმენელებმა ქართველი ვირტუოზი ბისზე ორჯერ გამოიყვანეს.
ქართველი პიანისტი, როგორც მარია კალასის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ევროპულ ტურნეს განაგრძობს.
რომში, სანდრო გეგეჭკორი მსმენელს სიმბოლურად გია ყანჩელის კომპოზიციით დაემშვიდობა.