27 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს

სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში 12 კილოგრამამდე მარიხუანა ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მ.მ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა გადაზიდვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში წინასწარ მოწყობილი სამალავიდან 11 კილო და 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მ.მ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი საქართველოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან შემოიტანა.

დღის ამბები