"ტყვია" - ასე ჰქვია ახალ ქართულ ფილმს, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებზე და იმ პრობლემებზე მოგვითხრობს, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით. რეჟისორ ხათუნა ვაშაძისთვის, ეს ფილმი სადებიუტო ნაშრომია და ახლა, შემოქმედებითი ჯგუფისთვის, მაყურებლის შეფასება ყველაზე მნიშვნელოვანია.
ფილმი დრამის ჟანრს ეკუთვნის. "ტყვია" კი გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით, კინოსურათში ადამიანების ურთიერთობებს შორის მთავარ როლს ასრულებს. სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებები სცენარის დაწერის შემდეგ, ზუსტად ერთ თვეში დასრულდა.
მხატვრული ფილმი საქართველოს მასშტაბით თხუთმეტ ლოკაციაზეა გადაღებული და მასში ცნობილ ქართველ მსახიობებთან ერთად, დებიუტანტებიც მონაწილეობენ. მსახიობებისთვის ფილმი განსაკუთრებულია. ამბობენ, რომ თითოეული სცენა მაყურებელს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დააფიქრებს.
კინოთეატრ "ამირანში",მაყურებელი ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმს ერთი კვირის განმავლობაში იხილავს. ერთი კვირის შემდეგ კი "ტყვია", უკვე საქართველოს ფარგლებს მიღმა, საერთაშორისო საფესტივალო ცხოვრებას დაიწყებს.