27 ნოემბერი 2024,   17:03
ვრცლად
საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი არ იქნება - რას პასუხობს ოფიციალური თბილისი არესტოვიჩის მორიგ განცხადებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით

საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მაღალჩინოსანი საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყების შესაძლებლობაზე ისევ საუბრობს. ალექსეი არესტოვიჩი აღიარებს, რომ საქართველოს სამხედრო რესურსის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ქვეყნის მმართველ ძალას მაინც აკრიტიკებს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეეძლოს.

მმართველი პარტიის ლიდერი კრიტიკის ავტორს პასუხობს, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს სამხედრო ძალის გამოყენებაზე. "ქართული ოცნებისთვის" არესტოვიჩის მორიგი განცხადება მორიგი მოწოდებაა ომში ჩართვისკენ.

ეროვნული ინტერესი რომ ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებაა, ამაზე ოპოზიციაც თანხმდება. ხელისუფლების ოპონენტებმა უკრაინელი მაღალჩინოსნის გზავნილი უკრაინაში არსებული ვითარებით ახსნეს და თქვეს, რომ არესტოვიჩის განცხადება მისივე ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

უკრაინელ მაღალჩინოსნებს შორის ალექსეი არესტოვიჩი არც პირველია და არც პირველად საუბრობს საქართველოს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე. კიევიდან გამოთქმულ ყველა ასეთ განცხადებაზე ოფიციალური თბილისის პასუხი არის, რომ ქვეყანაში ომის მეორე ფრონტი არ იქნება.

დღის ამბები