27 ნოემბერი 2024,   17:07
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს კლინიკა "ვივა მედში" გადასასვლელად გარკვეული პირობები აქვს - ერთ-ერთი მოთხოვნა პალატაში დედის მუდმივად ყოფნაა

მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას დათანხმდა და მზადაა სამედიცინო დახმარება სამოქალაქო კლინიკა "ვივა მედში" მიიღოს, თუმცა ძირითადი პირობები უცვლელია - ექსპრეზიდენტი ისევ ითხოვს მკურნალობის პარალელურად მასთან შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი კანონით უფლებამოსილი პირების დაშვება. მნახველების გარდა სააკაშვილის სურვილია, მასთან პალატაში მუდმივად იმყოფებოდეს დედა.

მიხეილ სააკაშვილთან მნახველების დაშვება რომ კანონმდებლობისა და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი, ეს ჯერ კიდევ მსჯავრდებულის თანხმობამდე განაცხადა იუსტიციის სამინისტრომ. უწყებამ ექსპრეზიდენტს მოუწოდა სამედიცინო დახმარება დათქმების გარეშე მიეღო.

მსჯავრდებული სააკაშვილის პირობები ულტიმატუმია მმართველ პარტიისთვის. როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, მსგავსი მიდგომა კიდევ უფრო უმყარებთ ეჭვს, რომ ექსპრეზიდენტი ჯანმრთელობის საკითხს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

რუსთავის ციხიდან გადასაყვანად სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" ყველა პოლიტიკური ბერკეტის გამოყენებას ცდილობს, მათ შორისაა თავდებობის საკითხიც, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ინიციატივას მომხრეები კოლეგა პარტიებშიც არ ყავს. საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა უარს ამბობს ექსპრეზიდენტს თავდებში ჩაუდგეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას უპერსპექტივოს უწოდებენ მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, სააკაშვილი გამონაკლისი ვერ იქნება და ის სხვა პატიმრების მსგავსად მიიღებს ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას, როგორც ციხეში, ასევე სამოქალაქო კლინიკაში.

მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო მიზნით სამკურნალო დაწესებულებაში უკვე მესამედ გადაჰყავთ. 

 

 

დღის ამბები