27 ნოემბერი 2024,   17:02
ვრცლად
1000-მდე მეომარი და ასობით დაჭრილი სამხედრო ​- შოკისმომგვრელ პროგნოზი ნანგრევების გროვად ქცეულ მარიუპოლში ჩარჩენილ ადამიანებზე

1000-მდე მეომარი და ასობით დაჭრილი სამხედრო ტყვედ ჩაბარებას არ აპირებს. "აზოვსტალის" გვირაბებში ჩარჩენილები ისევ ევაკუაციის მოლოდინში არიან, ისინი მესამე ქვეყანაში ჰუმანიტარულ დერეფანს ითხოვენ. იყო მოლოდინი, რომ საოკუპაციო ძალები პოლკის მებრძოლების წინააღმდეგ დღეს ქიმიურ იარაღს გამოიყენებდნენ, თუმცა ფოლადის ქარხანა ჯერ მხოლოდ მძიმე ავიაიერიშების სამიზნეა.

38 დარტყმიდან 4 სტრატეგიული ბომბდამშენით განხორციელდა. მტერმა ოპერაციაში ქვეითებიც ჩართო. "აზოვის" მცველები კონტრშეტევისთვისაც ემზადებიან და მიაჩნიათ, რომ რუსული ჯარის გარღვევა სამხედრო გზით მაინც შესაძლებელია.

"იბრძოლეთ მარიუპოლის გარნიზონისთვის" - ეს აზოველების მთავარი გზავნილია. მათთვის ყოველი დღე რომ შესაძლოა უკანასკნელი იყოს,  ეს იციან, თუმცა დანებებას მაინც არ აპირებენ და ყველას მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ მათი ტკივილი და ტანჯვა გაიზიარონ. "აზოვის" ბატალიონის მებრძოლებმა, დღეს კიდევ ორი სამხედრო დაკარგეს.

მიწისქვეშეთში ასობით დაჭრილი სამხედრო სრულ ანტისანიტარიაშია, ზოგს ხელი აღარ აქვს, ზოგს ფეხი, ისედაც დასახიჩრებულ მებრძოლებს განგრენის თავიდან ასაცილებლად ექიმები კიდურებს აჭრიან, ბევრი სეფსისითაც იღუპება, უთავდებათ სასმელი წყალი, აღარ აქვთ მედიკამენტები. მებრძოლების ცოლებმა ჰუმანიტარული დერეფნის მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს, რომელსაც ხელს უკვე მილიონზე მეტი ადამიანი აწერს. დღეს ისინი რომის პაპსაც შეხვდნენ.

წლის ბოლომდე მარიუპოლში დაავადებებისგან, აუტანელი პირობების, ინფექციებისა და მუდმივი სარაკეტო იერიშის გამო, შესაძლოა ათასობით ადამიანი დაიღუპოს - პროგნოზს ქალაქის საკრებულო აკეთებს. მარიუპოლში, ევაკუაციის მოლოდინში, 170 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი. საპორტო ქალაქის მერი ამბობს, რომ ოკუპანტებმა დასახლება გეტოდ გადააქციეს, რომელსაც მძიმე ეპიდემიებიც ემუქრებათ.

კიევი მებრძოლების გამოყვანის გეგმაზე მუშაობს. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი "აზოვსტალში" მყოფი ჯარისკაცების გადასარჩენად, არც ერთ შეთავაზებას არ თანხმდება. იმ რაოდენობის იარაღი კი, რაც მარიუპოლის განბლოკვისთვისაა საჭირო, მათ არ აქვთ.

თავგანწირული ბრძოლა "აზოვსტალისთვის" ორ თვეზე მეტია გრძელდება. იქ უკრაინული დროშა ისევ ფრიალებს. ზღვისპირა ქალაქის აღებას ოკუპანტებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მტერს უკვე სახმელეთო გზა ექნება დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება, შეტევა ახალი მიმართულებებით გადაიტანოს.

დღის ამბები