მინუს სამი რუსული პროპაგანდისტული არხი და სამი უმხვილესი ბანკი, მათ შორის "სბერბანკი" და "გაზპრო ბანკი". 9 მაისს ვაშინგტონიდან რუსეთმა ფაშიზმზე გამარჯვების მილოცვის ნაცვლად ახალი სანქციები მიიღო. შავ სიას 45 ბანკირი დაემატა, რომელთაგან მხოლოდ 8 რუსეთის საბანკო აქტივების მესამედს ფლობს. დიდი შვიდეულის თათბირის შემდეგ პუტინის ელიტის დიდი ნაწილი დანარჩენი მსოფლიოსგან მოწყვეტილი დარჩა. ისინი ვერც დაგროვილ მილიონებს გამოიყენებენ და ვეღარც ფეშენებელურ კურორტებს ეწვევიან.
შავს სიაში, რომელსაც დიდი შვიდეულის ქვეყნებიც შეუერთდნენ, 2 500-ზე მეტი რუსი სამხედრო და პოლიტიკოსი მოხვდა.
სანქციებს ვერ გაექცნენ ვერც ბელარუსი ჩინოვნიკები, რომლებმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრას მხარი დაუჭირეს. ვაშინგტონმა სავიზო შეზღუდვები მათაც დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის შავ სიას ასევე დაემატა 69 გემი. მოსკოვთან ცალკე ეკონომიკური ომი აქვს ლონდონს. ბრიტანეთის სანქციებმა რუსეთი უკვე 4 მილიარდი ფუნტით აზარალა.
დასავლური სანქციები, ე.წ. ტვინების გამორეცხვის პროცესს რუსეთი ვერ შეაჩერებს, თუმცა მიზანი პროპაგანდის ხელშეწყობის გამორიცხვაა - უკვე მიღებული გადაწყვეტილებით, ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთის პირველ არხს, ასევე NTV-ს და "რასია 1-ს" დაუკვეთონ რეკლამა და ასევე, ეკრძალებათ მიყიდონ ნებისმიერი სატელევიზო ტექნიკა და აღჭურვილობა.
სანქციების ახალი პაკეტი ამერიკელებს უკრძალავს საბუღალტრო, მენეჯერულ და კორპორაციის ფორმირების საკონსულტაციო სერვისებს. ამის ერთ-ერთი მიზანი ომის დაფინანსებაში ჩართულ ბანკებზე ზეწოლაა. სერვისების შეზღუდვების გარდა, პერსონალურად სანქციები დაუწესდა "გაზპრომპანკის" 27 ხელმძღვანელ პირს.
სიაშია "სბერბანკის" 8 ხელმძღვანელიც, რომლებიც თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსული საბანკო აქტივების მესამედს ფლობენ. სანქციები შეეხება მოსკოვის ინდუსტრიულ ბანკს და მის 10 შვილობილ კომპანიასაც.
ამ და სხვა შეზღუდვების დამწესებელი ქვეყანა მხოლოდ ამერიკა არ არის. სწორედ სანქციები იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დიდი შვიდეულის ლიდერების ონლაინ შეხვედრაზეც, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.
შტატების გადაწყვეტილებით, პერსონალურ სანქციებს გვერდს ვერ აუვლის დამატებით 2 500-ზე მეტი რუსი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირი. ასევე, სამი მაღალჩინოსანი ბელარუსიდან. სავიზო აკრძალვები სანქცირებულთა ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. სავიზო და ეკონომიკურ ნაწილში სანქციებს დააწესებს კანადაც.
პუტინის ომის ერთ-ერთი მთავარი იარაღი რომ ენერგორესურსებით მიღებული ქონება და ამ რესურსებით მანიპულირებაა, ამაზე დიდი შვიდეულის ლიდერები თანხმდებიან. დამოკიდებულების მიუხედავად, ემბარგოს შეუერთდება იაპონიაც.
სანქციათა პაკეტი ასევე მოიცავს ექსპორტის კონტროლის ახალ ზომებს, რომლებიც მიმართულია საომარი ძალისხმევის დასუსტებაზე. ეს, მათ შორის ეხება სამრეწველო ძრავების, ბულდოზერების და სატყეო პროდუქციის კონტროლს. მსოფლიო ლიდერები ირწმუნებიან, რომ "ძალისხმევას არ დაიშურებენ", რათა თავის ქმედებებზე პუტინმა და აგრესიის სხვა თანამონაწილეებმა პასუხი აგონ.