ლუგანსკის ოლქის სოფელ ბელოგოროვკაში სკოლის შენობის აფეთქებას, რომელსაც 90 მშვიდობიანი აფარებდა თავს, 60-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებიდან 30 პირის ამოყვანა მოხერხდა. ამ ეტაპზე დადასტურებულია 2 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნება.
ლუგანსკის ოლქის სოფელ პრივოლიეში "გრადის" სისტემების გამოყენებას, 2 მცირეწლოვანი, 11 და 14 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ორმა ბავშვმა მძიმე დაზიანება მიიღო.
ღამის განმავლობაში ცეცხლი გახსნეს ქალაქ ოდესის მიმართულებით. რაკეტების განეიტრალება საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეძლო. ზარალის ან მსხვეროპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გვიან ღამითვე საპასუხო იერიში ოკუპანტების პოზიციებზე უკრაინელმა სამხედროებმა მიიტანეს. კუნძულ ზმეინიზე ავიაციამ და უპილოტო საფრენმა აპარატებმა ოკუპანტების პოზიციები გაანადგურეს.
სიფრთხილისკენ მოუწოდებენ დმიტროვკას მოსახლეობასაც. სოფელი, რომელიც ბოროდიანკასთან ახლოს მდებარეობს, ოკუპანტებმა ერთი თვის წინ დაიკავეს. მისი გათავისუფლება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოხერხდა. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა დასახლება მიწასთან გაასწორეს.
ოკუპანტები გაანადგურებენ ხერსონსაც, თუ ადგილობრივები ოლქის ე.წ. დამოუკიდებლობას მხარს არ დაუჭერენ. ოკუპანტების ამ გეგმებზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლები საუბრობენ, მაგრამ ამბობენ, რომ დათმობაზე წასვლას და საკუთარი სამშობლოთი ვაჭრობას არ აპირებენ.
რუსული ოკუპაცია სამხედრო ექსპერტების გათვლებით საკმაოდ ძვირი ჯდება. გამოცემა "სოფრეპის" მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ რუსეთის ხელმძღვნელობა დღეში 900 მილიონს ხარჯავს. თანხაში შედის ოკუპანტების ხელფასი, შეიარაღებით უზრუნველყოფა, ასევე განადგურებული ტექნიკის ჩანაცვლება ან შეკეთება.