მოლდოვის და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მუდმივ საფრთხეზე, "კურიერთან" ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სპეციალისტმა ისაუბრა. ლუკ კოფის თქმით, საქართველოსა და მოლდოვასთან თავდაცვით სფეროში ამერიკამ თანამშრომლობა უნდა გააძლიეროს და ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა, მადრიდის სამიტზე, საქართველოსა და უკრაინის ალიანსთან მისაერთებელი მკაფიო გზა გამოკვეთონ.
"მოლდოვასთან და საქართველოსთან დაკავშირებით მუდმივი საფრთხე არსებობს. ვიდრე მოლდოვის და საქართველოს მთავრობები შეერთებული შტატებისგან დახმარებას ითხოვენ, ეს დახმარება უნდა უზრუნველვყოთ. საჭიროა გვქონდეს სამხედრო სწავლებები მოლდოვასთან, უნდა ვაძლიერებდეთ საქართველოსთან თანამშრომლობას თავდაცვით სფეროში. ახლა ჩვენ ინიციატივებს არ ვიჩენთ. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. რუსეთს ამჟამად უკრაინაში რთული პერიოდი უდგას. შესაძლოა ფიქრობდნენ იოლ გამარჯვებაზე ისეთ ადგილას, როგორიც მოლდოვაა და თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ, ამას თავიდან ავიცილებთ. ჩემი აზრით, ნატომ საბოლოოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ჩამოაყალიბოს გზა საქართველოსა და უკრაინისთვის. ასევე უნდა დავიწყოთ მსჯელობა მოლდოვაზეც. ის, რაც რუსეთმა უკრაინაში გააკეთა, მთლიანად ცვლის ევროპაში გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების დინამიკას. ახალ ტერიტორიაზე ვართ და ამ პრობლემების ახალი გადაწყვეტილებები გვჭირდება. ვიმედოვნებ, მადრიდის სამიტზე ნატოს მომავალი სტრატეგიული კონცეფცია გამოქვეყნდება და კომუნიკე ამ ქვეყნების ალიანსთან მიერთების გზას გვიჩვენებს,"- აცხადებს ვაშინგტონის ”ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” საგარეო ურთიერთობათა ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი.