ევროპული სანქციების მეექვსე პაკეტი - ევროკავშირი რუსული ნავთობისგან სრულ დამოუკიდებლობას აცხადებს. აკრძალვების მორიგი ტალღა შეეხება რუსულ საფინანსო ინსტიტუტებს და კერძო კომპანიებს. სანქციები დაეკისრებათ რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ბუჩასა და მარიუპოლში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს.
რა წერია მეექვსე პაკეტში და რამდენად შეესაბამება რუსეთის პატრიარქთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია რეალობას, რომ შესაძლოა ისიც აღმოჩნდეს სანქცირებულთა სიაში.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი მაღალი რანგის ოფიციალურ პირებსაც შეეხება. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, სანქციები შეეხება ასევე ყველა რუსულ ბანკს, ამასთან, დაიბლოკება 3 ულ სახელმწიფო არხი.
"პუტინმა დიდი საფასური უნდა გადაიხადოს ამ სასტიკი აგრესიისთვის. ევროპის მომავალი ახლა უკრაინაში იწერება. ჩვენ სანქციების მეექვსე პაკეტით სანქციების სიაში შევიყვანთ მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ოფიცრებს და იმ პირებს, რომლებმაც წარმოუდგენელი სისასტიკე ჩაიდინეს მარიუპოლში და არიან მომხდარ დანაშაულებში გარეული. ჩვენ ვიცით ვინ ხართ და პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით.
"სბერ ბანკი", რომელიც დიდი რუსული ბანკია, მას "სვიფტიდან" ჩავხსნით, იგივე ბედს გაიზიარებს სხვა რუსული ბანკებიც - ეს იქნება რუსეთის ეკონომიკის სრული იზოლაცია.
ჩვენ დავბლოკავთ სამ რუსულ სახელმწიფო არხს. ისინი ჩვენ სივრცეში ვერ იმაუწყებლებენ, ვერ გაავრცელებენ პუტინის პროპაგანდას.
ნავთობზე ჩვენი დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, ჩვენ დავიწყეთ ქვანახშირით და დღეს ვსაუბრობთ ნავთობზე. ეს არ იქნება მარტივი, რადგან ბევრი ჩვენი ქვეყანა დამოკიდებულია რუსულ ნავთობზე, მაგრამ ჩვენ ავკრძალავთ რუსულ ნავთობს. ეს იქნება სრული ემბარგო. ჩვენ გამოვიყენებთ სხვა ალტერნატივებს, ვიპოვით პროდუქტებს. წლის ბოლოს, ეს იქნება მასიური წნეხი რუსულ პროდუქციაზე.
ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა მყარად დგას. უნდა მოვახდინოთ რესურსების დივერსიფიცირება. გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და გვსურს ომის შემდეგ გავაძლიეროთ უკრაინა და მოხდეს მისი აღდგენა," - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროპის საბჭოს წარმომადგენელი ბრიჯიტ კლინკერტი უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას გმობს და ამბობს, რომ უკრაინისთვის ჰუმანიტარულ, მატერიალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებენ.
"ხუთმა მილიონმა უკრაინელმა რუსული სამხედრო აგრესიის გამო დატოვა უკრაინა. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ამ არაპროვოცირებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ ჰუმანიტარულ, მატერიალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უკრაინისთვის. ჩვენ გადავდგით ნაბიჯები მილიონობით უკრაინელის მისაღებად. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ემბარგოს მიმართულებით, უნდა გადავინაცვლოთ განახლებადი ენერგო რესურსების გამოყენებაზე," - ამბობს ბრიჯიტ კლინკერტი.