27 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
ევროპა სანქციების მორიგ პაკეტზე მსჯელობს - ევროკავშირი გეგმავს რუსული ნავთობი წლის ბოლომდე აკრძალოს

ევროპა სანქციების მორიგ პაკეტზე მსჯელობს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტის გამოცხადებისას თქვა, რომ ევროკავშირი ეტაპობრივად რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას გეგმავს, ასევე სამ რუსულ სახელმწიფო მაუწყებელს, ევროკავშირის ტერიტორიაზე მაუწყებლობა შეუჩერდა. სამიზნეა რუსეთის უდიდესი ბანკი "საბერბანკიც", რომელიც "სვიფტის" საგადასახადო სისტემიდან გაითიშება.

ევროკომისია მიმდინარე თვეში წარადგენს გეგმას, რომელიც წლის ბოლომდე რუსული გაზის ორი მესამედის ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკის პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა. გეგმა ასევე ითვალისწინებს გაზის ჩანაცვლებას განახლებადი ენერგიით ან ენერგიის დაზოგვას, სადაც ეს შესაძლებელია.

სლოვაკეთი და უნგრეთი 2023 წლის ბოლომდე შეძლებენ რუსული ნავთობის შესყიდვას. ბულგარეთიც მოითხოვს, გამონაკლისის სახით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება მას არ მოუწიოს. ევროკავშირში შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს. ამ ფონზე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი მოლდოვაში ჩავიდა, შარლ მიშელი პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა.

სანამ სისხლისმღვრელ ომს არ შეწყვეტს, გერმანია პირობას დებს, რომ რუსეთისთვის უკრაინაში ინტერვენციაზე საპასუხოდ დაწესებული სანქციები არ მოიხსნება. რომის პაპი კი მსოფლიო მშვიდობას 9 მაისს ელის. მას უნგრეთის პრეზიდენტმა უთხრა, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრის დასრულებას სწორედ ამ პერიოდისთვის გეგმავს. პონტიფიკოსმა რუსეთ-უკრაინის ომი რუანდის გენოციდს შეადარა.

პარალელურად, ჯო ბაიდენმა პუტინი დიქტატორად ამჯერად უკვე ალაბამას შტატში იარაღის მწარმოებელ ქარხანაში მოიხსენია. იქ, სადაც ამ ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინის რაკეტებს ამზადებენ.  

 



 

 

დღის ამბები