კიდევ ერთი უდიდესი ქალაქი, რომელიც რუსების მიერ სამოცდამეათე დღეა შეუჩერებლად იბომბება და სადაც მუდმივად ისმის განგაშის ხმა - ხარკოვში შესვლა სახიფათოა, გადაადგილება კიდევ უფრო საშიში, თუმცა "კურიერმა" მაინც მოახერხა და რამდენიმე საათი გაატარა ქალაქის ქუჩებში, სადაც შენობების დიდი ნაწილი მიწასთან არის გასწორებული.
ხარკოვს პუტინი განსაკუთრებით ერჩის, რადგან კრემლს ჰქონდა მოლოდინი, რომ ე.წ. "სპეცოპერაციის" დაწყებისთანავე რუსულენოვანი ქალაქი რუსულ არმიას ყვავილებით ხელში ჩაბარდებოდა.
პუტინი და მისი დაზვერვა შეცდა - რუსეთის საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარე მეგაპოლისი, მასობრივი გმირობისა და გამძლეობისთვის უკვე მეორედ გახდა გმირი ქალაქი.
თუმცა გაუსაძლისი პირობებისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა მაინც არ ტოვებს საკუთარ ქალაქს, სადაც რუსული ბომბებით ყოველდღე იღუპებიან ადამიანები. როგორც ჩანს, პუტინი ქალაქის ჰაერში აწევასაც ცდილობს, რადგან დღეს ხარკოვში 10 კგ ტროტილი აღმოაჩინეს.
ხარკოვს, დღეს, კიდევ ორი რუსული რაკეტაც მოხვდა. აფეთქებების ხმა ქალაქში მაშინაც ისმოდა, როდესაც იქ "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფი მუშაობდა.
ხშირი აფეთქებების ხმის გამო, ქალაქში მუშაობას ჟურნალისტებს არ ურჩევენ. საფრთხის მიუხედავად, რუსული აგრესიის შედეგი "კურიერის" ობიექტივში მაინც მოხვდა.
ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ადგილზე ორმო 5 დღის წინ ძლიერი აფეთქების შედეგად გაჩნდა. მხოლოდ ამ ერთი აფეთქებით განადგურდა 50-ზე მეტი სახლი და შეწყდა 10-ზე მეტი სიცოცხლე.
ისტორიული აფეთქების ავტორი "სმერჩის" რაკეტის ძრავა, ახლა უკვე ძეგლად ხარკოვის მერიის შენობის წინ დგას და გამვლელებს ომის დანაშაულს ახსენებს.
შენობას კი 70 დღის წინანდელი მშვიდობის კვალი ფაქტობრივად აღარ ემჩნევა - ქვიშის ტომრები მხოლოდ მისი გადარჩენის მცდელობაზე გვიყვება.
ქალაქის გადარჩენა მოხუცსაც და ახალგაზრდასაც ერთნაირად სურთ, მაგრამ ომში ეს მათ ძალებს აღემატება.
საფრთხის მიუხედავად, ისინი არ ტოვებენ ხარკოვს და იტოვებენ იმედს, რომ ქალაქი ისევ გალამაზდება - ქუჩებში აღარ იქნება რკინის ზღარბები, დაცხრილული და დამწვარი მანქანები. სჯერათ, რომ ისევ აშენდება ლამაზი ოფისები და განადგურებული კაფე კი ისევ მიიღებს უამრავ სტუმარს.