27 ნოემბერი 2024,   17:03
ვრცლად
მსოფლიოში ცნობილი თანამედროვე რეალითი შოუების ანალოგი "რუსთავი 2-ზე" იწყება - "ამის საშუალება მონაწილეებს აქამდე, სხვა ტიპის "რეალითებში" არ ჰქონდათ"

დღეიდან, "რუსთავი 2-ზე" "პრაიმჰაუსი" იწყება, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ერთმანეთისგან განსხვავებულ მონაწილეებს 23:00 საათზე შეხვდებით და,  ფორმატის მიხედვით, შოუს ყოველ შაბათს, თითო მონაწილე დატოვებს. ბუნებრივია, ეს არ იქნება საქართველოში ამ დრომდე არსებული არცერთი რეალითი შოუს ანალოგი და იდენტური. 

ტელეკომპანიის მთავარი პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია ამბობს, რომ გუნდის ამოცანა ციფრული სამყაროსა და სოცქსელის სატელევიზიო ჰიბრიდის გაკეთებაა.

"რეალითი" ჟანრი უკვე ძალიან დიდი ხანია, არსებობს. თუმცა, ის ტრანსფორმაციას განიცდის. "რუსთავი 2" იყო პირველი ქართული არხი, რომელმაც პირველი საერთაშორისო რეალითი შოუ დაიწყო და ეს იყო ბევრი წლის წინ. მას შემდეგ, სოციალურმა ქსელმა და ინტერნეტის ეპოქამ ბევრი რამ შეცვალა. ჩვენი ამოცანაა, ციფრული სამყაროსა და სოცქსელის სატელევიზიო ჰიბრიდის გაკეთება. "იუთუბერები", "ტიკ ტოკერები" შევიყვანეთ რეალით შოუში და ამდენად, ახალ თაობას ტელევიზიით ვაყურებინებთ შოუს. 

"პრაიმჰაუსი" ბევრი ტიპის რეალითი ჟანრის შოუს ელემენტების ნაკრებია. მთავარია "ბიგ ბრაზერსი", რომლის მიხედვითაც სხვა დანარჩენი რეალითი შოუებია აწყობილი. წლებია, ის არსებობს და დღემდე დიდი ინტერესით გადის მსოფლიოს ნებისმიერ ბაზარზე. ბევრგან ვხვდებით ერთ სივრცეში მცხოვრებ მონაწილეებს.

"პრაიმჰაუსი" "ნეთფლიქსის რეალითის" - Hype House-ის ელემენტებითაც არის შევსებული. ეს "რეალითი" განსხვავებული არის იმით, რომ აქცენტი გაკეთებულია სოციალურ პლატფორმებზე - "ტიკ ტოკზე", ინსტაგრამზე, იუთუბიზე და ფეისბუკზე, სადაც მონაწილეებს გამომწერები, ე.წ. "ფოლოვერები" ჰყავთ. ამოცანაა, რომ მეტი ნახვა დააგროვონ და ფოლოვერები გაიმრავლონ და ამით სატელევიზიო პროექტიც საინტერესო გახდეს.მონაწილეებს ყოველდღიურად ექნებათ წვდომა ინტერნეტთან, თავიანთ ქსელებთან და გამომწერებთან. დადებენ თავიანთ კონტენტს, ჩართავენ "ლაივებს", როგორც "პრაიმჰაუსის" გვერდზე, ასევე - საკუთარზე. ამის საშუალება მანამდე, სხვა ტიპის „რეალითებში“, არ ჰქონდათ მონაწილეებს. მათ ეზღუდებოდათ გარესამყაროსთან კონტაქტი. ეს კონკრეტული "რეალითი" აბსოლუტურად მორგებულია ახალ თაობაზე.  

პროექტიდან მონაწილეების გაგდება ხდება კლასიკური მეთოდით. შაბათობით "ლაივშოუზე" მაყურებლის ხმის მიცემით, მესიჯებითა და მესინჯერით, ხალხს რომ მაქსიმალური წვდომა ჰქონდეს შოუსთან. ეს არის ღია ფორმატი და მონაწილეებისგან გამომდინარე, შეიძლება რაიმე შეიცვალოს. ისინი არიან მთავარნი თავიანთი შესაძლებლობებით. შოუს ელემენტები მათ ტალანტებზე იქნება მორგებული.

დავამატეთ ჟიური, რაც იქნება ერთგვარი ხიდი მაყურებელსა და მონაწილეებს შორის.
მაყურებელი ნელ-ნელა უფრო მეტსა და მეტს გაიგებს მონაწილეებზე. 
ასეთი პროდუქტის მოთხოვნა დიდი ხანია, არსებობს. იმედია, მაყურებლის ჩართულობაც დიდი იქნება. ადამიანები ინტერნეტში ერთკაციან "რეალითებს" ისედაც ყოველდღიურად დებენ. შოუში კი ამგვარი ადამიანები ერთად, ერთ სივრცეში იცხოვრებენ, ინტერაქცია ერთმანეთთან ექნებათ და ამ საქმეს ერთად გააკეთებენ.  ახლა ტელევიზია უნდა დაეწიოს ინტერნეტის ეპოქას. ადრე თუ პირიქით იყო, ახლა ტელევიზიის ამოცანაა, დაეწიოს სოცქსელების თაობას. ჩვენც უნდა შევთავაზოთ ისეთი რამე, რაც ტელევიზიისა და სოციალური მედიის გადაბმა იქნება,"-აცხადებს გიორგი ხაბურზანია.

დღის ამბები