27 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
მთავარი შეკითხვაა დარჩება თუ არა ისრაელის ელჩი მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერესდება, დარჩება თუ არა ისრაელის ელჩი მოსკოვში და შეინარჩუნებს თუ არა ისრაელი, მოსკოვთან დიპლომატიურ ურთიერთობებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ყველაზე დიდი ანტისემიტები, თითქოს ებრაელები იყვნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ  თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც ომის 68 დღე შეაჯამა.

ზელენსკი ვიდეომიმართვაში რუსეთის ძალების მიერ ოდესაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზეც საუბრობს,რომლის დროსაც 14 წლის ბიჭი დაიღუპა. 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 24 თებერვლის შემდეგ რუსული არმიის მიერ მოკლულია 220 ბავშვი, 1 570 სასწავლო დაწესებულება კი დანგრეული ან დაზიანებულია. მისი თქმით, ეს არასრული მონაცემებია, რადგან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის ხელისუფლებას წვდომა არ აქვს.

"ახლა რუსეთი ყოველდღიურად აკეთებს ისეთ რამეს, რაც გამორიცხავს ყოველგვარ ადეკვატურობას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღიად და ურცხვად განაცხადა, რომ ყველაზე დიდი ანტისემიტები, თითქოს ებრაელებს შორის არიან. თითქოსდა ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა. როგორ შეიძლებოდა საერთოდ ასეთი რამის თქმა ნაციზმზე გამარჯვების წლისთავის წინ? ეს სიტყვები ნიშნავს, რომ რუსეთის უმაღლეს დიპლომატს ნაცისტებს დანაშაული ებრაელ ხალხზე გადააქვს. სიტყვები არ მაქვს. რა თქმა უნდა, ამ სიტყვების გამო დიდი სკანდალი იყო ისრაელში. თუმცა არავის ესმის მოსკოვიდან ამის საწინააღმდეგო განცხადებები ან თავის მართლება. იქ დუმან, ეს კი ნიშნავს, რომ ეთანხმებიან იმას, რაც მათმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა.

ამიტომ, ახლა მთავარი შეკითხვაა - დარჩება თუ არა ისრაელის ელჩი მოსკოვში, როდესაც იცის მათი ასეთი ახალი პოზიცია? დარჩება თუ არა ურთიერთობები რუსეთთან როგორც ჩვეულებრივ? რადგან ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. შემთხვევით არ ქმნიან რუსი დამპყრობლები უკრაინულ მიწაზე ე.წ. "საფილტრაციო ბანაკებს", რომლებიდანაც გაჰყავთ ჩვენი ათასობით მოქალაქე. სადაც კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ ჩვენს ხალხს.დღეს, რუსეთის ჯარებმა ოდესაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დაინგრა საერთო საცხოვრებელი და მოკლულია 14 წლის ბიჭი, 17 წლის გოგო კი დაშავებულია.

"რისთვის? რით ემუქრებოდნენ რუსულ სახელმწიფოს ეს ბავშვები და საერთო საცხოვრებელი? ასე ომობენ ისინი და ეგ არის. ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისინჩანსკში რუსეთის დაბომბვის შედეგად დაიწვა გიმნაზია, რომელიც 100-ზე მეტი წლის იყო. ისინი ამ ქალაქისთვის ბელგიელებმა ააშენეს. მან ორ მსოფლიო ომს გაუძლო. თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს გიმნაზიაც თანამედროვე რუსეთისთვის საშინელი საფრთხე აღმოჩნდა.
24 თებერვლის შემდეგ რუსული არმიის მიერ მოკლულია 220 ბავშვი, 1 570 სასწავლო დაწესებულება კი დანგრეული ან დაზიანებულია,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

დღის ამბები