მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზე იერიშები უწყვეტად გრძელდება - ამის შესახებ CNN-თან "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი აცხადებს. მისი თქმით, ქარხანაში ჯერ კიდევ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ადგილზე რთული ვითარებაა და საკვებისა და წყლის დეფიციტია.
"ღამის განმავლობაში და დღეს დარტყმები უწყვეტად მიმდინარეობს, ეს იყო სატანკო არტილერია, ყოველ 3-5 წუთში იყო საჰაერო დაბომბვები. ასევე იყო თავდასხმის რამდენიმე მცდელობა, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა მოახერხეს მათი მოგერიება და 5 ოკუპანტი მოკლეს. ქარხანას ისევ თავს აფარებენ მოქალაქეები, მტერი კი აგრძელებს დაბომბვას.
ვერ გეტყვით რამდენი დღის საკვები დაგვრჩა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვზოგავთ - ძალიან გვეშინია წყლისა და საკვების, ასევე საბრძოლო მასალის გარეშე დარჩენის. ჩვენ ვუზიარებთ მოქალაქეებს წყალს, საკვებს და რაც გვაქვს.
თუ უარესი მოხდება და საკვები გამოგველევა, ჩიტებს დავიჭერთ და ყველაფერს ვიზამთ მტკიცედ რომ ვიდგეთ.
რამდენიმე დღის წინ გაიგებდით, რომ 5 ჯარისკაცი დაატყვევეს რუსებმა და მათგან ერთი ჩვენი იყო, 2-3 დღის შემდეგ რუსებმა ჩვენი ჯარისკაცის ფოტო მის დედას გაუგზავნეს, რათა ენახა თავისი ნაწამები შვილი.
ეს ომის უამრავი დანაშაულის ერთ-ერთი შემთხვევაა, ფაქტია, რომ ისინი არ სცემენ პატივს კონვენციებს, ისინი ხოცავენ და აწამებენ ტყვეებს. მათგან განსხვავებით ჩვენ ტყვეებს სხვანაირად ვეპყრობით, ომის პირველი დღიდან გვყავდა ტყვეები ქარხანაში და ჩვენ მათ გადასარჩენად პირობები შევუქმენით," - აცხადებს "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი.