ორთვიანი ბლოკადისა და ინტენსიური დაბომბვის შემდეგ რუსეთმა "აზოვსტალის" მიწისქვეშა გვირაბებიდან ასამდე ადამიანი გამოუშვა. ისიც საფილტრაციო ბანაკების გავლით. დღის შუქი მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ბავშვმა, ქალმა და მოხუცმა იხილა, ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე კი ისევ სიკვდილის მოლოდინშია.
მარიუპოლის უკანასკნელი ბასტიონის დაბომბვა რუსულმა არმიამ ევაკუაციის დასრულებისთანავე განაახლა.
როდის იქნება ახალი მწვანე დერეფანი არავინ იცის. მოსკოვი უკვე ახალ პირობებს აყენებს: თუ ზელენსკის მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენას სურს, მისმა ქვეყანამ წინააღმდეგობის გაწევა უნდა შეწყვიტოს.
ის, ვინც გადარჩა და იღბლიან ასეულში მოხვდა, რუსებმა მარიუპოლთან მდებარე სოფელ მანგუშში შეამოწმეს. ოკუპანტები დაჭრილ ბავშვებში, მოხუცებსა და ქალებში პოლკ "აზოვის" მებრძოლებს ეძებდნენ. "აზოვი" კი, "აზოვსტალში "რჩება და უსაფრთხო გასვლის გარანტიებს მსოფლიო ლიდერებისგან ითხოვს.
მარიუპოლელთა გადარჩენის პროცესში ცალკეული სახელმწიფო ლიდერების გარდა, ჩართულია გაერო, ეუთო და წითელი ჯვარი.
ამის მიუხედავად მთელი მსოფლიო სატელიტებით ხედავს როგორ იზრდება მარიუპოლთან გათხრილი საერთო საფლავები.
ევაკუაცია მარიუპოლიდან - მზის სინათლე 68 დღის შემდეგ ნახეს, აღარ ეგონათ, რომ ცოცხლები გადარჩებოდნენ, ჰაერიც ენატრებოდათ. ნანგრევებიდან გამოღწევის შემდეგ კი, ნანახისა და განცდილის ემოციების გარეშე გახსენება უჭირთ.
მოხუცები, ქალები, პატარა ბავშვები ამ დღეს 2 თვეზე მეტ ხანს ელოდნენ. ჰუმანიტარული დერეფანი გუშინ გაიხსნა, მოსახლეობა "აზოვსტალის" ქარხნის ნანგრევებს ეტაპობრივად ტოვებს.
მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს საევაკუაციო კოლონას პირადი ავტოტრანსპორტითაც შეუერთდეს. 100 ადამიანისგან შემდგარი პირველი ჯგუფი ზაპოროჟიეში უკვე გადაიყვანეს. დღეს "აზოვსტალის" თავშესაფარი კიდევ 100-მა მოქალაქემ დატოვა. პროცესში ჩართულია გაერო და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.
სანამ სამშვიდობოს გავიდოდნენ, ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს საფილტრაციო ბანაკის გავლა და რუსი სამხედროების შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოუხდათ. "აზოვსტალის" ქარხნიდან გამოყვანილი მოქალაქეები ოკუპანტებმა მარიუპოლთან მდებარე სოფელ მანგუშში კიდევ ერთხელ შეამოწმეს.
მოქალაქეები გამოდიან, თუმცა "აზოვის" ბატალიონის დაჭრილი ჯარისკაცები ვერა. ისინი დანებებს არ აპირებენ და საზღვაო ქვეითებისთვის ისევ ჰუმანიტარულ კორიდორს ითხოვენ, მათ შორის თურქეთის ტერიტორიაზე. ქარხანაში მოწყობილ ჰოსპიტალში 500-მდე დაჭრილი სამხედრო რჩება. ღამით რუსმა სამხედროებმა "აზოვსტალის" ქარხანა კვლავ დაბომბეს, თუმცა დილით საჰაერო იერიშები შეწყდა.
სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანმა მუშაობა რომ დაიწყო, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვრცლად მორიგ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პროცესი არ შეფერხდება.
რუსეთის პირველი დიპლომატის პირით პუტინმა ზელენსკის უკვე შეუთვალა, რომ მისგან დანებებას არ ითხოვენ, თუმცა წინააღმდეგობა უნდა შეწყვიტოს. სერგეი ლავროვმა ყველას შეახსენა, რომ რუსეთის ჯარების წინაშე არ დგას 9 მაისამდე სამხედრო მოქმედების შეწყვეტის ამოცანა. მან ზელენსკი ადოლფ ჰიტლერსაც შეადარა.
რუსეთის პირველი დიპლომატის სიტყვებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია ისრაელში. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის რუსეთის ელჩიც დაიბარეს. ლავროვის განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეურაცხმყოფელი უწოდა.
მიწასთან გასწორებულ ზღვისპირა ქალაქში მოსახლეობის ხმები აღარ ისმის. მარიუპოლში კვლავ უმძიმესი ვითარებაა. რუსი სამხედროები ჩადენილი სისასტიკის კვალის გაქრობას ცდილობენ. საფილტრაციო ბანაკებში გამოკეტილი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული მანქანებით საკვები მიაქვთ, შემდეგ კი იმავე ტრანსპორტით დახოცილი მოქალაქეების ცხედრები ქალაქიდან შორს გააქვთ და სამარხებში კრძალავენ. "აზოვსტალის" ქარხანა თავშესაფრად 2 000-მდე ადამიანისთვის ომის დაწყებიდან მალევე იქცა. იქ დარჩენილები მორიგი ჰუმანიტარული დერეფნის მოლოდინში არიან.