27 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
უკრაინის დედაქალაქში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აშშ-დან მეორე უმაღლესი რანგის დელეგაცია ჩავიდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის დედაქალაქში აშშ-დან მეორე უმაღლესი რანგის დელეგაცია ჩავიდა. ენტონი ბლინკენისა და ლოიდ ოსტინის შემდეგ კიევში ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩავიდა და უკრაინის მხარდაჭერა პირადად პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა.

წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ნენსი პელოსისთან ერთად, კიევში იმყოფებოდნენ სხვა კონგრესმენებიც, მათ შორის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიქსი, ასევე დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი ადამ შიფი, ბარბრა ლი, ჯეისონ ქროუ. კონგრესის წევრებმა ყურადღება იმ საჭიროებებზე გაამახვილეს, რაც მათი აზრით, ახლა უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო საზოგადოების გვერდით დგომის გარეშე წარმატების მიღწევა რომ გაჭირდება, ეს კარგად ესმის უკრაინის პრეზიდენტსაც. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის თავდაცვითი გაძლიერების კუთხით კოლეგებთან აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობს.

საერთაშორისო საზოგადოების მცდელობის მიუხედავად, რუსეთი ამ დრომდე არ წყვეტს საომარ მოქმედებებს. ამიტომ, უკრაინის პარტნიორები ოკუპანტების მიერ დარღვეული მსოფლიო წესრიგის აღსადგენად და უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის შესაჩერებლად კვლავ გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობენ.

რუსეთი კი საპასუხოდ ევროპის ქვეყნებისთვის ვიზების გამარტივებული წესით გაცემას აუქმებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა ხელი კანონს, რომლის მიხედვითაც დანიის, ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიისა და შვეიცარიის მოქალაქეებს, რომელთაც დიპლომატიური პასპორტები აქვთ, უვიზოდ რუსეთში შესვლა შეეზღუდებათ.

დღის ამბები