ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსმა უკრაინაში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა დიდი პატივია. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის მთავარი თემა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა და უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა იყო, რაც ქვეყანას ფეხზე დადგომაში დაეხმარება.
"ვოლოდიმირ ზელენსკის მე გადავეცი შეერთებული შტატების კონგრესის საერთო გაზავნილი, მისი ლიდერობისთვის ამერიკელი ხალხის დადებითი გზავნილი და უკრაინელი ხალხის გამბედაობით გამოწვეული აღფრთოვანება. მე უკრაინაში დიდი მწუხარებით მოვედი, მაგრამ დიდი სიამაყით ვტოვებ მას.
დღეს კონგრესის დელეგაცია აქ არის, რათა მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ მსოფლიოს - ამერიკა უკრაინის გვერდით დგას და იდგება მის გამარჯვებამდე. გვქონდა პატივი, შევხვედროდით უკრაინის პრეზიდენტს. ჩვენი საუბარი შეეხო სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას, ისევე როგორც სამომავლოდ ქვეყნის აღდგენის საკითხს. ჩვენ მას გადავეცით ჩვენი ერთიანი მხარდაჭერა და ამერიკელი ხალხის აღფრთოვანება მისი სამაგალითო ხელმძღვანელობითა და უკრაინელი ხალხის გამბედაობით.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ პოლონეთის მთავრობას, ლტოლვილების მიღების კუთხით გაწეული სამუშაოებისთვის. პრეზიდენტ ზელენსკისთან ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ამ დროისთვის ჩვენ ვმუშაობთ პრეზიდენტ ბაიდენის უახლესი ინიციატივის უმოკლეს ვადებში განსახორციელებლად," - განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან 3 საათიანი შეხვედრისას რუსეთის მიმართ წამოყენებული სანქციები და მათი გაძლიერების გზები განიხილეს.
"გვქონდა 3 საათიანი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის გუნდთან. განვიხილეთ სანქციები და ამ სანქციების გაძლიერების გზები. ასევე განვიხილეთ იარაღის მიწოდების საკითხი, როგორ გავზარდოთ მარაგი. ვისაუბრეთ ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ დახმარებაზე.
ეს არის თავისუფლების ბრძოლა ტირანიის წინააღმდეგ. და ამ ბრძოლაში უკრაინა წინა ხაზზეა. თავისუფლების მოყვარე სამყარო დაინტერესებულია უკრაინის გამარჯვებით. ჩვენი მიზანია გავაკეთოთ ყველაფერი ამისათვის, რაც ჩვენს ხელთაა. ვამაყობთ იმ როლით, რასაც ეფექტური დაზვერვა თამაშობს ჩვენი უკრაინელი მოკავშირეების მხარდაჭერაში. ჩვენი მიზანია დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას დროულად ვაწვდით ინფორმაციას, რათა თავი დაიცვას. გამოვხატავთ მადლიერებას პრეზიდენტ ზელენსკის გამბედაობის მიმართ. ვამაყობთ, რომ უკრაინელების მხარდამხარ ვდგავართ," - აცხადებს ადამ შიფი.
როგორც კონგრესმენი ჯეისონ ქროუ ამბობს, რომ უკრაინაში როგორც როგორც დაზვერვის კომიტეტისა და შეიარაღებული ძალების წევრი ჩავიდა და მისი ინტერესი 3 მიმართულებით არის ფოკუსირებული: "იარაღი, იარაღი და იარაღი".
"მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელებს ჩვენი მასპინძლობისთვის. ჩვენ შესანიშნავი საუბარი გვქონდა, გავცვალეთ მოსაზრებები. მე აქ მოვედი როგორც დაზვერვის კომიტეტისა და შეიარაღებული ძალების წევრი, რომელიც ფოკუსირებულია 3 მიმართულებაზე: იარაღი, იარაღი და იარაღი.
ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელებს აქვთ ის, რაც მათ გამარჯვებისთვის სჭირდებათ. ის, რაც ჩვენ გასული 2 თვის განმავლობაში ვიხილეთ არის მათი სიამაყე, ბრძოლისა და გამარჯვების უნარი. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები პრეზიდენტ ზელენსკისთან თუ როგორ შეგვიძლია მათ უკეთ დავეხმაროთ, როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ მათთვის აღჭურვილობის მიწოდება, რათა მათ ჰქონდეთ შეიარაღება, რაც ომის შემდგომი ფაზისთვის დასჭირდებათ.
პრეზიდენტმა ბაიდენმა გააკეთა ისტორიული შეთავაზება, რაც უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული სტაგნაციით, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული სტატუს კვოს დაბრუნებით, შეერთებული შტატები აქ არის გამარჯვებისთვის. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მის გამარჯვებამდე," - განაცხადა ჯეისონ ქროუმ.