02 აპრილი 2025,   21:30
ვრცლად
"რა სასჯელიც არ უნდა იყოს განსაზღვრული, ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ბოლომდე" - მამუკა ხაზარაძე

"ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში ბრალის წარდგენის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რა ბრალიც არ უნდა წაუყენონ, ბრძოლას გააგრძელებს.

"პროკურორმა წამიყენა ბრალი და, შესაბამისად, ხვალ სასამართლოზე გვეცოდინება, რას მოიცავს ეს ბრალეულობა. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რანაირი მუხლითაც არ უნდა იყოს ამ ბრალში განსაზღვრული სასჯელი, ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ბოლომდე, ვერავინ ვერ შემაცვლევინებს ამ აზრს მე. ჩვენი ქვეყანა საჭიროებს სწრაფ გადატვირთვას და მოთხოვნა რჩება ძალაში, ეს არის ახალი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის, ახალგაზრდა ბიჭების განთავისუფლება," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ხაზარაძის პარტიის წევრებმაც. "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, "დღეს არანაირი სამართლებრივი პროცესი არ მიმდინარეობს, ეს არის პოლიტიკური პროცესი."

"ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს ბრალი წაუყენეს. საუბარია 349-ე მუხლზე, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას.

საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე, მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის ოქმს ხელი მოაწერა. ხაზარაძე რამდენიმე დღის წინ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. საქმე პროკურატურას მას შემდეგ გადაეცა, რაც მამუკა ხაზარაძემ უარი თქვა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე.

კომისიამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე "მაგნატის" საქმის განხილვაზე დაიბარა, რომლის მფლობელიც აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დროს, მას ბიზნესი წაართვეს, ეს კი დავით კეზერაშვილის დავალებით და "თი ბი სი" ბანკის ხელმძღვანელების მონაწილეობით მოხდა.

 

ავტორი:  ჟანა აკოფაშვილი

დღის ამბები