
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა.
სხდომაზე განსახილველი საკითხები იყო: 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2003-2012 წლებში არსებული საპატიმრო პირობები.
საკითხების განხილვამდე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა კომისიის წინა კვირაში ჩატარებული სხდომები შეაჯამა და კომისიის მიზნებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისია არ იძიებს სამხედროების მოქმედებებს, არამედ იძიებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის სხვადასხვა საკითხს და პირველ რიგში, მაშინდელი უმაღლესი მთავარსარდლის და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებსა და საქმიანობას.
„წინა სხდომებიდან გამომდინარე ირკვევა და უკვე დადასტურებულადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ მიხეილ სააკაშვილს და მის ამფსონებს - დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ ჰქონდათ სამხედრო გეგმა ისე აწარმოვეს საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში და ის გეგმა, რომელიც ჩვენმა ღირსეულმა, საქმის მცოდნე სამხედროებმა შეადგინეს უარყოფილი და გვერდზე გადადებული იქნა. შესაბამისად, ისინი აგვისტოს ომის დროს არა სამხედროების აზრის გათვალისწინებით მოქმედებდნენ, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობებითა და პოლიტიკური მოსაზრებებით მართავდნენ საომარ მოქმედებებს. მათ გაწირეს მშვიდობიანი მოქალაქეები და მიატოვეს. უფრო მეტიც, გენერალმა ყურაშვილმა ჩემს კითხვაზე მიპასუხა - თქვენს მოსაზრებას საფუძველი აქვსო. კერძოდ, იმ მოსაზრებას, რომ გენერალი ყურაშვილი, როგორც სამშვიდობო ოპერაციების წარმომადგენელი ვანო მერაბიშვილის მოადგილესთან ერთად, რომელიც საომარ მოქმედებზე პასუხისმგებელი იყო, ბრძოლის არეალში შეიყვანეს იმიტომ, რომ გენერალი ყურაშვილის დანახვაზე მოსახლეობა მშვიდად იქნებოდა. ეს მიმართულება ჩვენ კარგად უნდა გავაღრმაოთ - მიატოვეს და ვერ მოასწრეს მოსახლეობის გაფრთხილება თუ მიზანმიმართულად ჩატოვა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოქალაქეები საომარი მოქმედებების არეალში. ჩვენ მათ ვეკითხებით, რატომ გახადეს რეზერვისტები საზარბაზნე ხორცად? რატომ არ იყო არავითარი გეგმა? რატომ აქციეს ჯარი, ჯარისკაცები და ოფიცრები საზარბაზნე ხორცად? ამას ვეკითხებით მაშინდელ პოლიტიკოსებს. ასევე ვსვამთ კითხვას - რატომ არ დაბრუნდა თავის შვილებთან და ოჯახში გიორგი ანწუხელიძე? რატომ ჩავარდა ის ტყვედ? ეს იყო გარდაუვალი, თუ შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება, თორემ იმ გმირმა, სეპარატისტებთან და რუსებთან პირისპირ ტყვეობაში რომ აღმოჩნდა, გმირობა აჩვენა. და არა მხოლოდ მან აჩვენა გმირობა! რატომ არ ახსენებენ უშანგი სოფრომაძეს? იქ გიორგი ანწუხელიძე მარტო არ იყო. იქ იყო უშანგი სოფრომაძე, იქ იყო კახაბერ ხუბულური. რატომ არ დაუბრუნდა უშანგი სოფრომაძე თავის მეუღლეს და შვილებს? ეს არის ჩვენი შეკითხვა - შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება პოლიტიკოსების მიერ თუ არა?!
ჩვენი მიზანია ყველამ გაიგოს, რომ ახალგაზრდებო, ვინც არ უნდა მოხვიდეთ მომავალში პოლიტიკაში, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჯარი არ არის სათამაშო. სააკაშვილმა ჯარიც და მშვიდობიანი მოსახლეობაც და სხვათა შორის ის ორი გენერალიც, რომელიც აქ მობრძანდა, საკუთარ სათამაშოდ აქცია.
შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულების კვლევას გავაგრძელებთ და ბუნებრივია, რომ ის პოლიტიკოსები, ვინც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს ზოგიერთი ციხეშია, ზოგიერთი ქუჩაში და ზოგიერთიც გაქცეულია, რა თქმა უნდა, ღელავენ. რა თქმა უნდა, ცდილობენ რაც შეიძლება მეტ ადამიანს აუმღვრიონ გონება და აფიქრებინონ, თითქოს ეს კომისია არის იმისთვის, რომ ჯარის ქმედებები შეაფასოს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის რანგში თავად ხელმძღვანელობდა.
„ჩვენ გადავარჩინეთ ქართული ჯარის ღირსება სტრასბურგშიც და ჰააგის სასამართლოშიც. ამიტომ, აქეთ ამ თემაზე არავითარ შენიშვნას არ მივიღებთ და თქვენ ჩვენ ვერ გაგვაჩერებთ! ჩვენ სააკაშვილის კიდევ ბევრ დანაშაულზე, კეზერაშვილის, მერაბიშვილისა და სხვა პოლიტიკური პირების ომის პირობებში, საპატიმროში თუ საკუთრების უფლების მიმართულებით, კიდევ არაერთ დანაშაულებრივ ფაქტს გამოვავლენთ“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ემზარ კვიციანს მოუსმინა, რომელმაც ბატალიონ „მონადირის“ შექმნის მიზეზებზე და მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, 1992 წელს, მას შემდეგ, რაც აფხაზეთში მდგომარეობა დაიძაბა და ცხადი გახდა, რომ აფხაზი სეპარატისტები და რუსეთი ომისთვის ემზადებიან და ჩრდილოეთ კავკასიის უღელტეხილებიდან საქართველოს ტერიტორიაზე „ბოევიკებმა“ გადმოსვლა დაიწყეს, კოდორის ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა რაზმი „მონადირე“, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაეცვა. ემზარ კვიციანმა დეტალურად ისაუბრა 1992 წლიდან 2008 წლამდე კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე.
მისი შეფასებით, 2006 წელს კოდორის ხეობაში ქართული ჯარის შეყვანა 1994 წელს დადებული შეთანხმების დარღვევა იყო, რამაც რუსეთს ხეობაში ჯარების შეყვანის საბაბი მისცა.
ემზარ კვიციანის განცხადებით, კოდორის ხეობის ჩაბარება იყო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული კოლექტიური ღალატის შედეგი და ამის შესახებ მიღებული იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.
„რუსეთის სპეცსამსახურები, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების უშიშროება და საქართველოს უშიშროების სამსახურში ჩანერგილი ადამიანები ერთობლივად მოქმედებდნენ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი მოეყვანათ ხელისუფლებაში, რადგან მას პირობა ჰქონდა დადებული კოდორის ხეობის უმტკივნეულოდ ჩაბარების შესახებ“, - აღნიშნა ემზარ კვიციანმა.
კომისიას ახსნა-განმარტება გიორგი (გონერი) კაპანაძემ მისცა, რომელიც აგვისტოს ომის დღეებში თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
მან ისაუბრა 2008 წლის 2 აგვისტოდან განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთისა და ოსი სეპარატისტების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე და საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან კომუნიკაციაზე.
გიორგი კაპანაძის განცხადებით, 7 აგვისტოს მსხვილკალიბრიანი იარაღით დაბომბვის შედეგად, ორი ქართველი სამშვიდობო დაიღუპა.
როგორც მან აღნიშნა, მას არც ომის წინა დღეებში და არც ომის დაწყების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ბრძანება არავისგან მიუღია და საკუთარი ინიციატივითა და „წითელი ჯვრის“ დახმარებით, 7 აგვისტოს შეძლო ბავშვებისა და ქალების გამოყვანა, მოსახლეობის ნაწილმა კი, უკვე აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ თავად დატოვა სოფლები.
მისი თქმით, კომისიის სხდომაზე გენერლების: ზაზა გოგავასა და მამუკა ყურაშვილის მიერ მოყვანილი ზოგი ფაქტი არასწორი - „დროში აცდენილი იყო“.
საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2003-2012 წლებში არსებულ საპატიმრო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოქალაქე მარიამ რატიანს მოუსმინა.
მარიამ რატიანის ინფორმაციით, მის მეუღლეს, კახა გურგენიძესა და მისი მეუღლის მეგობარს, დათო გოგოშვილს სუპერმარკეტების ქსელი „იბისი“ ჰქონდათ და მას შემდეგ, რაც ისინი 2009 წლის საპროტესტო აქციებზე მივიდნენ და აქციის მონაწილეებს საკვები და პირველადი მოხმარების საგნები მიუტანეს, მათი ოჯახების „ჯოჯოხეთი“დაიწყო.
როგორც მარიამ რატიანმა აღნიშნა, ქონების ჩამორთმევის მიზნით, დათო გოგოშვილი, შემდეგ კახა გურგენიძის სიმამრი და ნარკოტიკის „ჩადების“ შემდეგ კი უკვე კახა გურგენიძე დააპატიმრეს.
მან დეტალურად ისაუბრა სამართალდამცავების მიერ მისი შვილების მისამართით განხორციელებულ მუქარაზე, სახელმწიფოს მიერ ქონების ჩამორთმევასა და ამ პროცესში „თიბისი“ ბანკის მონაწილეობაზე.
მარიამ რატიანის განცხადებით, პატიმრობის შემდეგ, მის მეუღლეს ფსიქიკა დაუზიანდა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები დაეწყო.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 2003-2012 წლებში არსებული საპატიმრო პირობების შესახებ კომისიის სხდომას ქსნის მე-15 პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად მსჯავრდებული ანზორ პარკაძე ჩაერთო.
მან დეტალურად ისაუბრა გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობაზე.
ანზორ პარკაძის განცხადებით, მას, ისევ როგორც სხვა პატიმრებს სისტემატურად სცემდნენ, აწამებდნენ და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ. მისივე თქმით, პატიმრები შეიძლება ეცემათ მედიკამენტების მოთხოვნის გამოც კი.
ანზორ პარკაძემ აღნიშნა, რომ პატიმრები ერიდებოდნენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრებსაც კი, ვინაიდან საუბრები ისმინებოდა და შეხვედრის დასრულების შემდეგ პატიმრებს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები სცემდნენ, იყო გარდაცვალების შემთხვევაც.
მისივე თქმით, პატიმრების მიმართ მსგავსი მოქცევა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩვეულებრივი ამბავი იყო.
სხდომის დასასრულს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ კომისიის მომდევნო სხდომა 2 აპრილს გაიმართება.