02 აპრილი 2025,   09:12
ვრცლად
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

სასიგნალო იარაღთან ან/და მის ვაზნებთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის: „იარაღის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა გრეტა წიწავამ წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, სასიგნალო იარაღი და მისი ვაზნების დამზადება/წარმოება, ასევე ამ იარაღით ან ვაზნებით ვაჭრობა ლიცენზირებული საქმიანობა გახდება. ნებართვას შემდეგი საქმიანობები დაექვემდებარება: ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა; საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და გატანა; სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი; სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის გადატანა, გადაზიდვა და გადაგზავნა; უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა, გატანა და გადაადგილება.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის განმარტებით, ნებართვის მოპოვების უფლება 18 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი. გრეტა წიწავას თქმით, სასიგნალო იარაღის ან/და მისი ვაზნის შეძენა/ შენახვის ნებართვისთვის ცალკე მოსაკრებელი დაწესდება. ამასთან ერთად, სასიგნალო იარაღის და მისი ვაზნის ნებართვების გაცემისთვის დაჩქარებული მომსახურების საფასური განისაზღვრება.
ცვლილებების პროექტი სასიგნალო იარაღის ბრუნვის წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართლებრივ პასუხისმგებლობის დაწესებასაც ითვალისწინებს.
დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტთა პაკეტი კომიტეტმა დადებითად შეაფასა და მის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

დღის ამბები