02 აპრილი 2025,   09:08
ვრცლად
"ადამიანებს, რომლებიც ათენებდნენ და აღამებდნენ აქციებზე, საჭმელი და პირველადი მოხმარების ნივთები მივუტანეთ, მეორე დღიდან წაიწყო ჩვენი ჯოჯოხეთი, ჩვენს ოჯახებზე ზეწოლა" - მარიამ რატიანი წინა ხელისუფლების პერიოდში ზეწოლაზე

დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დასრულდა. აგვისტოს ომი, კოდორის ხეობა, საპატიმროებში არსებული ვითარება და ბიზნესის წართმევის ფაქტები - სწორედ ეს საკითხები განიხილა დღეს კომისიამ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობას სწავლობს.

დღის ბოლოს, კომისიის წინაშე წარდგა მსჯავრდადებული, რომელიც უკვე 14 წელია ციხეშია - მან წინა ხელისუფლების პირობებში არსებულ საპატიმრო პირობებზე ისაუბრა. იქამდე, ჩვენება მისცა სუპერმარკეტების ქსელ "იბისის“ თანადამფუძნებელმა.

როგორც მარიამ რატიანმა განაცხადა, მისი ოჯახის წინააღმდეგ სერიოზული პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2009 წლის მაისის აქციებზე, საკვები მიიტანეს.

"დაიწყო ბიზნესის შევიწროება. ბევრს ჩვენს ირგვლივ, ჩვენს ახლობლებს და მეგობრებს ავიწროებდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენც გაგვიჩნდა ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი და ერთ დღესაც, საპროტესტო აქციას შევუერთდით. 2009 წლის მაისის თვეში, იმ ადამიანებს, რომლებიც ათენებდნენ და აღამებდნენ აქციებზე, საჭმელი და პირველადი მოხმარების ნივთები მივუტანეთ. მეორე დღიდან წაიწყო ჩვენი ჯოჯოხეთი, ჩვენს ოჯახებზე ზეწოლა. დილის საათებში, ერთ-ერთ ჩვენს მაღაზიაში, ავლაბარში, ქეთევან წამებულის მისამართზე, ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი ავტომატებით შევარდა. გვიბარებენ და გვეუბნებიან, რომ "თქვენ გადახდებს მალავთ და არ გაქვთ ყველაფერი წესრიგში". როდესაც მივხვდით, რომ ჩვენს ქონებას საფრთხე ემუქრებოდა, დათო გოგოშვილი და კახაც მივიდნენ "თი ბი სი" ბანკში და სთხოვს, რომ ამ ქონებაზე ყადაღა დაედოთ, რათა სახელმწიფოს არ წაეღო ეს ქონება.

"თი ბი სი" ყადაღას ხსნის ჩვენს ქონებას, აძლევს სახელმწიფოს, სახელმწიფოს ეს ქონებაა გააქვს აუქციონზე, ყიდის არარეალურ თანხად. თვითონ "თი ბი სის" ეს ორივე ქონება შეფასებული იყო 1 100 000 დოლარად. ერთი მაღაზია, რომელიც "თი ბი სის" 500 000 დოლარად ჰქონდა შეფასებული, სახელმწიფო იმ მაღაზიას ყიდის 150 000-ად და ყიდულობს თვითონ "თი ბი სი". მეორე მაღაზიაც აბსურდულ თანხად გაიყიდა. 600 000-იანი ქონება იყიდება 200 000-ად.

მევახშეებთან დავაგირავეთ ჩვენი ბინები სადაც ვცხოვრობთ, გავხსენით 2 მაღაზია და მესამე მაღაზიას ვხსნიდით, როდესაც შემოგვითვალეს ასეთი მესიჯი: "ესენი თურმე ისევ ფეხზე დგებიან". ამ ყველაფრის მერე, რამდენიმე დღეში, ჩემს მეუღლეს, კახა გურგენიძეს, რომელიც თავის ოფისში, ოთახში იჯდა, პოლიცია ნარკოტიკის დადების მერე ეუბნება, რომ ამ ნარკოტიკის გამო იჭერენ. თუ არიან მათი შვილები იმის ღირსი, რომ დაემთავრებინათ ინსტიტუტები, დღეს იყვნენ წარმატებულები და მუშაობდნენ, ცხოვრობდნენ თავიანთ სახლებში, რატომ არ იყვნენ ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი ამის ღირსი? მარტო იმიტომ, რომ აქციაზე წავედით და საჭმელი მივუტანეთ იმ ადამიანებს", - განაცხადა სუპერმარკეტების ქსელ "იბისის" თანადამფუძნებელმა მარიამ რატიანმა.

დღის ამბები