
ამ წუთებში პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება, რომელზეც "ქართული ოცნება" დააინიცირებს კანონპროექტს "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის შესახებ. აღნიშნულ ინიციატივას ეხმაურებიან ოპოზიციურ სპექტრში.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, თეა წულუკიანის ხელმოწერით, რეალურად არც არაფერი დაიწყება და არც დამთავრდება.
"წულუკიანს რა გონია - ხელს მოაწერს "ნაციონალური მოძრაობის" სიკვდილით დასჯას და ამით დაასამარებს "ნაციონალური მოძრაობის" იდეებს, მემკვიდრეობას?! მისი ხელმოწერით არაფერი არც იწყება და არაფერი არც მთავრდება. ეს პარტია იყო, არის და იქნება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების გარდა დღეს "ქართული ოცნებაც" აშავებს, ამიტომ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ორივე პარტიის საქმიანობა გამოსაძიებელი იქნება.
"დღეს, ვუყურებთ როგორ ხდება ორიენტირის აღება, რომ მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის", თუ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვა. 13 წლის განმავლობაში, სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად "ნაცები" გააძლიერეს. ამიტომ ამ კანონპროექტით ფრთხილად იყვნენ. წინა ხელისუფლებამ ხომ დააშავა და ობიექტურად, გამოსაძიებელია, ესენიც აშავებენ - "ოცნებაც" აშავებს. ორივე საკითხი შესასწავლი და გამოსაძიებელი იქნება სამართლიანი სასამართლოს პირობებში", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.