
ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტი, თბილისში დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა. სებ-ის დელეგაციამ, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჩინელ კოლეგას შეხვდა. ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ასევე ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკების ვიცე პრეზიდენტებთან და დირექტორებთან.
"გარკვეულწილად, ისტორიული შეიძლება ვუწოდოთ ამ ვიზიტს. ჩემს კოლეგასთან - ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა, შედგა მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც არის ჩარჩო დოკუმენტი და რომელიც შემდგომში განაპირობებს ჩვენს თანამშრომლობას კონკრეტული მიმართულებებით.
პირველი მიმართულება ეს არის ორ ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობა მაკროეკონომიკური, მონეტარული პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით. რადგანაც, ჩვენს დერეფანში საერთო გამოწვევები გვაქვს, ეს არის - გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, გაურკვევლობა, ვოლატილობა საგარეო ბაზრებზე, შესაძლო სავაჭრო ომები და ტარიფები, ეს ყველაფერი კი ორი ცენტრალური ბანკის გუნდმა შეიძლება ერთობლივად უკეთ გაითვალისწინოს. არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებაა ორი ქვეყნის საფინანსო და საბანკო სექტორებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. დღესდღეობით, ჩინური ბანკები ნაწილობრივ წარმოდგენილები არიან ჩვენს საფინანსო სექტორში, თანამშრომლობენ საკორესპონდენტო ურთიერთობების ფარგლებში ჩვენს წამყვან ცენტრალურ ბანკებთან. ჩვენ ვთხოვეთ მათ და ძალიან დიდი ინტერესით მოეკიდნენ ჩვენს თხოვნას - პირველი, რომ მათი საკორესპონდენტო ურთიერთობები სხვა ბანკებზეც გავრცელდეს, უფრო პატარა და საშუალო დონის ქართულ ბანკებზე და ამავდროულად, ძალიან კარგი იქნება თუკი უშუალოდ იქნებიან წარმოდგენილები ჩვენს ბაზარზე თავისი ფილიალების, თავისი შვილობილების სახით,"- აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.