02 აპრილი 2025,   04:14
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რასაც ჰქვია "ნაცმოძრაობის" და მისი ფილიალების აკრძალვა - გურამ მაჭარაშვილი

ამ წუთებში, პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება, რომელზეც "ქართული ოცნება" დააინიცირებს კანონპროექტს "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის შესახებ.

საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელის მომზადებამდე, პარლამენტი მუშაობას იწყებს კანონზე, რომლის მიხედვითაც, აიკრძალება ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობაც.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თუ პარტიის მხრიდან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს სასამართლო დაადასტურებს, მას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალება.

მიმდინარე პროცესს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა.

"ინიციატივა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ უნდა ყოფილიყო ქართულ პოლიტიკაში ჩვენ გვქონდა არაერთგზის. კომისიის მუშაობა დაიწყო 2025 წელს და კარგია, რომ ასეთი ინიციატივა არსებობს.

თავის დროზე ვთქვით, რომ ეს საქმე ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი და შესაბამისმა უწყებამ, ამ შემთხვევაში კონსტიტუციით არის საკონსტიტუციო სასამართლო, უკვე არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რასაც ჰქვია "ნაცმოძრაობის" და მისი ფილიალების აკრძალვა, როგორც ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალები", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

დღის ამბები