02 აპრილი 2025,   01:11
ვრცლად
"31 მარტი ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოა - ეს დღე გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ყველაზე ღირებული მონაპოვარია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა" - მიხეილ ყაველაშვილი

დღეს აღვნიშნავთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს, - აღნიშნულია პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

"დღეს აღვნიშნავთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს – ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს. 1991 წლის 31 მარტს, რეფერენდუმის შეკითხვაზე: "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?" – ქართველმა ხალხმა ერთსულოვნად და მკაფიოდ განაცხადა თანხმობა.

ეს იყო ისტორიული ნაბიჯი საქართველოს საუკუნოვანი ოცნების – თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენისა და მშენებლობის გზაზე, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი.

ნიშანდობლივია, რომ ამ ისტორიული პროცესის მთავარი ფიგურა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია გახლდათ, რომელსაც დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.

31 მარტი არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლო.

ეს დღე გვახსენებს, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ყველაზე ღირებული მონაპოვარია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.

საქართველო შეუპოვრად აგრძელებს სვლას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე. დიდება თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები