
ოპოზიციას არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე ერთიანი აზრი არ აქვს - სალომე ზურაბიშვილთან გუშინდელი შეხვედრიდან გამოსული "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევენ ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.
ხელისუფლების ოპონენტები ადასტურებენ, რომ საზოგადოების დაკვეთისა და მათი მცდელობის მიუხედავად, პოზიციების დაახლოება, ამ ეტაპზე, ვერ მოხერხდა.
"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე იმედოვნებს, რომ ცალ-ცალკე გაძლიერებას მაინც შეძლებენ.
"მგონია, რომ საზოგადოებაში არსებობს დაკვეთა ერთიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ რიგ საკითხებზე ვერ ხერხდება შეთანხმება, რაც თინათინ ბოკუჩავამ ახსენა, ჩვენი მხრიდან ყველაფერი ვეცადეთ, რომ ეს პოზიციები დაახლოებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება.
არც ნიჰილიზმში უნდა ჩავარდეს საზოგადოება, არც მცდარი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს. მიმაჩნია, რომ კარგი არის ძლიერთა ერთობა. ჩვენ ყველამ თავი უნდა მოვიძლიეროთ. ვისაც შეგვიძლია თავის პოზიციების ჩამოყალიბება, ისინი მაინც ჩამოვყალიბდეთ, თუ სრული და ტოტალური ერთობა არ გამოდის", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.