
საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელის მომზადებამდე, "ქართული ოცნება" პარტიის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს დღეს ბიუროზე დააინიცირებს.
დოკუმენტის მიხედვით, აიკრძალება ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობა.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების ინიციატივის შესახებ მმართველმა გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატის უფროსმა, ავთანდილ კუნჭულიამ გააკეთა.
"თუ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ეყოლება იგივე პერსონალური შემადგენლობა, ან იგივე საწესდებო მიზნები, რაც აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" და მთელ მის დანაყოფს, შესაძლებელი გახდება, რომ მათი პოლიტიკური საქმიანობა აიკრძალოს.
საგამოძიებო კომისიის მუშაობამ ნათლად დაგვანახა, რომ გვექნება დასკვნა, რომელიც იქნება მყარი საფუძველი "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი, რათა მოხდეს ამ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება", - განაცხადა ავთანდილ კუნჭულიამ.