
აგვისტოს ომზე საუბარი დღესაც გაგრძელდება საკანონმდებლო ორგანოში. წინა ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სამ საათში მორიგ სხდომაზე შეიკრიბება.
განსახილველი თემები იქნება - 2008 წლის ომთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია; ასევე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები და საპატიმროებში 2003-2012 წლებში არსებული პირობები.
სხდომაზე მიწვეული არიან ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი. მათმა ნაწილმა გამოკითხვაზე უარი უკვე განაცხადა.
მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით კომენტარ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა გააკეთა.
"სამ მნიშვნელოვან მიმართულებაზე იქნებიან ადამიანები დაბარებულნი, ეს არის - პოლიტიკური დევნა და საკუთრების უფლების შენახვა, ეს არის 2008 წლის ომი და მასთან დაკავშირებული რეზოლუცია 16/33-ზე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე მოღალატეობრივი ხელმოწერა და ეს არის ადამიანების ცემა-წამების და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე ადამიანების მოსმენა.
რეზოლუცია 16/33-ის საქმეზე იქნებიან დაბარებულები ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, გიორგი კანდელაკი და ოპოზიციის წარმომადგენელი, გიორგი თარგამაძე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.