
დონალდ ტრამპს გულწრფელად სურს უკრაინის კონფლიქტის დასრულება, – ამბობს პუტინი. კრემლის ლიდერის თქმით, ის მზადაა ევროპასთან მუშაობისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი ლიდერები პროცესის მიმართ არათანმიმდევრულები არიან.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა არალეგიტიმურია. სწორედ ამიტომ, მისთვის გაურკვეველია, ვისთან უნდა მოეწეროს ხელი სამშვიდობო დოკუმენტებს.
ვლადიმერ პუტინი იმასაც ვარაუდობს, რომ უკრაინას მალე ახალი ხელისუფლება ეყოლება. უკრაინის გენშტაბში კი ამბობენ, რომ მოსკოვი ცინიკურად ცრუობს მშვიდობისკენ სწრაფვის შესახებ, აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე და საფრთხეს უქმნის უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას.
"ჩემი აზრით, შეერთებული შტატების პრეზიდენტს გულწრფელად სურს ამ კონფლიქტის დასრულება. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ყველა ეს საკითხი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, მაგრამ იმ ძირეული მიზეზების აღმოფხვრით, რამაც გამოიწვია დღევანდელი მდგომარეობა. მზად ვართ, ვიმუშაოთ ევროპასთან, ისინი უბრალოდ არათანმიმდევრულად იქცევიან, მაგრამ არაუშავს, ჩვენ უკვე შევეჩვიეთ. იმედია, არ დავუშვებთ შეცდომებს ჩვენი ე.წ. პარტნიორების გადაჭარბებული ნდობის გამო უკრაინის მთავრობა დღეს ნამდვილად არ არის ლეგიტიმური უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად. იქ არ ჩატარებულა საპრეზიდენტო არჩევნები. არადა, კონსტიტუცია ისეა შემუშავებული, რომ ყველას ნიშნავს პრეზიდენტი, მათ შორის რეგიონულ ხელისუფლებას. თუ ის თვითონ არის არალეგიტიმური, მაშინ ყველა სხვაც არალეგიტიმურია. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვისთან უნდა მოეწეროს ხელი გარკვეულ დოკუმენტებს და ჯერაც არ არის ნათელი, რა ძალაუფლება აქვთ მათ, რადგან ხვალ სხვა ლიდერები ეყოლებათ, რომლებიც არჩევნების გზით მოვლენ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მოლაპარაკების პროცესის მიუხედავად, აქტიურად იბომბება უკრაინული ოლქები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.