
"ნაციონალური მოძრაობის" ბედს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს. "ქართული ოცნება" კვლავ სასამართლოში მიდის, მიზანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და სხვა ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანამდე "ოცნება" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას დაელოდება, რომლის მანდატიც გაიზრდება და გამოიკვლევს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 2003-წლიდან დღემდე ჩადენილ დანაშაულებს.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა საგანგებო განცხადებაში აღნიშნა ისიც, რომ ამ ნაბიჯის გარეშე საქართველოში ვერ გაჩნდება ძლიერი ოპოზიცია, რომელიც არ იქნება დაკავებული ქვეყნის დესტაბილიზაციით.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო ბოჟაძემ.
"ვფიქრობ, რომ კომისიის ანგარიშში იქნება არაერთი საფუძვლის მიზეზი, რომლითაც საშუალება გვექნება, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმც კომისიას ვაძლევთ საშუალებას, არა მხოლოდ 2012 წლამდე შეაფასოს მოვლენები, რომელიც ვითარდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებით ჩვენს ქვეყანაში, არამედ 2003 წლიდან 2025 წლამდე და ვფიქრობთ, რომ ჩვენ გვექნება საშუალება მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და, რა თქმა უნდა, იმ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომელიც იქნება წარდგენილი, იმედს ვიტოვებთ, რომ საკონსტიტუციო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს და იტყვის იმას, რომ 2012 წლამდე ჩადენილი კონკრეტული დანაშაულებისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება აკრძალული, რა თქმა უნდა, ვინც იმ დროს იყო "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ვინც იმ დროს იყო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი და ა.შ. ამ ადამიანებზეც გადავა ერთგვარად პერსონალური პასუხისმგებლობა. ასევე მათაც ექნებათ აკრძალვა, რომ არ მიიღონ და ვერ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.