31 მარტი 2025,   03:44
ვრცლად
მამუკა მდინარაძე - მივიღეთ გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის მანდატი გავრცელდეს 2012 წლის შემდგომ, ანუ 2003 წლიდან დღემდე პერიოდზე

"საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობისას აშკარად გამოიკვეთა 2012 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებების გამოძიების საჭიროება"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებმა რაც წარსულში ჩაიდინეს, იმის გაგრძელებაა, რასაც ბოლო წლების განმავლობაში სჩადიან.

"მეტიც, მუდმივად არიან დაკავებული მცდელობებით, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება და სხვა ფორმებით დაუპირისპირდნენ საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს. ერთი სიტყვით, 2012 წლის შემდგომაც მათ აქვთ ჩადენილი უამრავი ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც შესაბამის სამართლებრივ შეფასებასა და რეაგირებას საჭიროებს.

ამასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაცია კომისიის შემადგენლობასთან და იმ მიზნით, რომ კომისიის საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიების ფარგლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მისი მანდატი გაფართოვდეს და ახალი დადგენილებით გავრცელდეს 2012 წლის შემდგომ, ანუ საერთო ჯამში, 2003 წლიდან მოყოლებულ დღემდე პერიოდზე," განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები