31 მარტი 2025,   03:05
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორ რეჯინა დე დომინიჩისსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა ბავშვთა კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის საკითხებსაც.
მინისტრმა ხაზი გაუსვა UNICEF-თან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, შესაძლებელი იქნება ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ინიციატივების ეფექტიანად განხორციელება.

რეჯინა დე დომინიჩისმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, ბავშვთა დაცვის მიმართულებით და აღნიშნა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქვეყანაში არსებულ ინიციატივებს, რომლებიც ბავშვების კეთილდღეობას, განათლების ხელმისაწვდომობასა და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას უკავშირდება. მისი თქმით, საქართველოში, UNICEF-ის საქმიანობა მუდმივად მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისაკენ.

დღის ამბები