
"ლელოს" ლიდერს საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მისი ბანკის საშუალებით ბიზნეს წილების გადაფორმების საკითხზე პასუხების გაცემა მოუწია.
დუმილის შემდეგ, მამუკა ხაზარაძე დღეს პირველად გამოჩნდა მედიასთან. მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ ბიზნესის რეკეტში, უფრო კონკრეტულად კი ჯემალ ლეონიძისთვის შპს. მაგნატის წართმევაში მონაწილეობა არ მიუღია.
ხმაურიანი ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ საათს გაგრძელდა.
ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდში, მათი ლიდერის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებენ. კანონით დადგენილი პროცედურების დაწყებას კი "ლელოში" მუქარა უწოდეს.
საგამოძიებო კომისიისთვის თავის არიდება რომ კანონის უხეში დარღვევაა, ეს მმართველი გუნდის ლიდერებმა ოპონენტებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან და რომ მათ გამოძიებისთვის იმის ახსნა მოუწევთ, რატომ არ მივიდნენ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც დაზარალებული ბიზნესმენი მათი მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე ჰყვებოდა.
ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი 1 წლამდე პატიმრობით ან ჯარიმით ისჯება. კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის გამო იმავე პროცედურებს პროკურატურა ბადრი ჯაფარიძის მიმართაც დაიწყებს. იქამდე, ვიდრე საგამოძიებო უწყება კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ უნდა თქვან - თუ ბიზნეს რეკეტის საქმეში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაშინ როგორ აღმოჩნდა მათი ქონება დავით კეზერაშვილის კომპანიის საკუთრებაში.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი