
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავენ, "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა, კომისიის წინაშე დასმულ კითხვებს უპასუხა, სადაც მასსა და ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილთან შორის მომხდარი ერთ-ერთი კონფლიქტის მიზეზი გაიხსენა.
ნოღაიდელის განცხადებით, 2006 წელს [ირაკლი] ოქრუაშვილის გადადგომას მოჰყვა კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში, რომელიც იმჟამად თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა და ფაქტობრივად ხელისუფლება იყო შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, რომლის მოგვარებაც პრეზიდენტთან ჩხუბისა და დარწმუნების შემდეგ მოგვარდა.
"ჩვენ გვქონდა კამათი განცხადებებზე, რომლებიც სრულიად კონტრპროდუქტიული და არასაჭირო იყო. მაგრამ ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი და ღრმა საკითხებიც იყო. 2006 წელს ოქრუაშვილის გადადგომას მოჰყვა ეს კონფლიქტი, ცხინვალის რეგიონში და ჩვენ ფაქტობრივად ვიყავით შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, რომლის მოგვარებაც მოხერხდა. პრეზიდენტთან ჩხუბით მოგვარდა ეს ამბავი, დარწმუნებით", - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ კონფლიქტს იმიტომ ადარებს 2008 წლის მოვლენებს, რომ თავიდან აცილებადი იყო, როგორც ეს 2006 წელს მოხერხდა.
"ვხედავდი, რომ მიდიოდა მოძრაობა სერიოზული დაძაბულობისკენ, აქ საუბარია ძალიან მნიშვნელოვან კონფლიქტზე, ჩვენ ამ დროს ვიყავით ზღვარზე, მე იმიტომ ვადარებ ამ სიტუაციას 2008-თან, რომ ეს ყველაფერი თავიდან აცილებადი იყო და მაშინ იმ კონფლიქტის თავიდან აცილება მოხერხდა", - განაცხადა ნოღაიდელმა.